სოფელ აღაიანში სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტების შეძენას ვერ ახერხებენ. ყველაზე ახლომდებარე აფთიაქი 10 კილომეტრში სოფელ მუხრანშია. იმის გამო რომ ავტომობილებით გადაადგილება უკვე მეორე კვირაა აკრძალულია, სოფლად დარჩენილმა მოსახლეობამ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში სულ მცირე 2 საათი ფეხით უნდა იაროს.
სოფელში სადაც აფთიაქი არ აქვთ, პროდუქტის დეფიციტიც შეიქმნა. სასურსათო მაღაზიების ნაწილი უკვე დაიკეტა, მუშაობს მხოლოდ 2 მაღაზია, თუმცა ამ ობიექტებშიც მარაგის სიმწირეა. სოფელში ყველაზე მეტად სოფლის მეურნეობის პროდუქტის შოვნა ჭირს. მოსახლეობის დიდი ნაწილის შემოსავლის ერთადერთი წყარო ვაჭრობა იყო, სოფლის მეურნეობის პროდუქტის რეალიზება კი შეუძლებელია.
კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღაიანთან მდებარე დასახლებაა, სადაც ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ. მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო ვაჭრობა იყო, თუმცა საგანგებო მდგომარეობის პირობებში - ეს წყაროც დაკარგეს. ახლა მხოლოდ იმ მარაგების იმედად არიან, რისი ყიდვაც გადაადგილების აკრძალვამდე მოასწრეს.
აღაიანის მკვიდრები წყალმომარაგების პრობლემაზეც საუბრობენ, სოფელში არც სასმელი და არც სარწყავი წყალი აქვთ. ამბობენ, რომ 7 წელია ადგილობრივ ხელისუფლებას საკითხის მოგვარებას სთხოვენ, თუმცა ყურადღებას მათ არც მაშინ და არც ახლა - კორონავირუსის პანდემიის პირობებში აქცევენ.
სოფელი აღაიანი არ არის ერთადერთი, რომელიც კოვიდ 19 ის პანდემიის გამო ჩაკეტილ ქვეყანაში საარსებოდ აუცილებელი საშუალებების არ არსებობას უჩივის. ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობა მშიერი ბუნტის ზღვარზე მიიყვანა
მოსახლეობა შეზღუდვების შემსუბუქებას ითხოვს. ავტომობილებით გადაადგილებაზე დაწესებული აკრძალვა 27 აპრილამდე მოქმედებს და ვიდრე ეს ნორმა გაუქმდება, ხალხს პირველადი საჭიროების საკვებისა და მედიკამენტების შესაძენად რამდენიმე საათი და ათობით კილომეტრის ფეხით გავლა მოუწევს.