მარნეულში სამოქალაქო აქტივისტი ჯერ დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. ამასთან დაკავშირებით მარნეულში აქტივისტები აქციას მართავენ. ისინი ადგილობრივი აქტივისტის, რაშან ზიადალიევის ადმინისტრაციული წესით დაკავებას აპროტესტებენ. აქტივისტები მოითხოვენ, რომ პოლიციამ იმოქმედოს სამართლებრივად. მათი თქმით, რაშანის დაკავების მოტივი პოლიტიკურია.
რაშან ზიადალიევის ადმინისტრაციული წესით დაკავება მოტივაცია აღმოჩნდა სხვა ადგილობრივი აქტივისტებისთვის. ისინი ამბობენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მათ ნებისმიერი ტიპის აქტივობაში ხელს უშლის. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს პრობლემა მარნეულში განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა, რადგან რეგიონი არის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული და ყველაფერი ადგილზე მცხოვრები ადამიანების უფლებრივ მდგომარეობაზე აისახება.
„როცა საქართველოში ხარ აქტიური ახალგაზრდა, პოლიციელების და სუს-ის მხრიდან მოდის ე.წ. რეპრესიები. არ უნდა იცავდე შენს უფლებებს, შენს სიმართლეს, არ უნდა ილაპარაკო პრობლემებზე, რომელიც აწუხებს შენს მოსახლეობას“, - განაცხადა მაშირ ორდღანოვმა.
მარნეულელი აქტივისტის, ნოვრუზ მეჰდის განცხადებით, პოლიცია მის ოჯახს, არჩევნებზე დამკვირვებლად მუშაობის დროს, ბიზნესის დახურვით ემუქრებოდა.
„მე და ჩემი ოჯახი ვიყავით არჩევნებზე დამკვირვებელი და ამის გამო ჩვენი ბიზნესის მიმართ დაიწყო ზეწოლა. რამდენჯერმე მოვიდნენ მერიიდან, პოლიციიდანაც მუქარით, რომ უკან უნდა დაიხიოთ თორემ დაგაჯარიმებთ ან საერთოდ დავხურავთ თქვენს ბიზნესსო. ეს მოხდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს“, - განაცხადა ნოვრუზ მეჰდიმ.