ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, აქტიური საომარი მოქმედებების გამო, ხარკივის ოლქის ქალაქ კუპიანსკში სავალდებულო ევაკუაცია მიმდინარეობს.
"კუპიანსკის მიმართულება ახლა ყველაზე ცხელი წერტილია, ფრონტის ხაზი იქ გადის და მტერი მუდმივად ცდილობს ჩვენი სამხედროების პოზიციებზე თავდასხმას. ამიტომ, ჩვენ გამოვაცხადეთ სავალდებულო ევაკუაცია", - თქვა ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
სინეგუბოვის თქმით, მტერი ყოველდღე ბომბავს კუპიანსკის თემის დასახლებებს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ უპირველეს ყოვლისა, ბავშვებიანი ოჯახებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ევაკუირება ხდება.
"უკრაინის შეიარაღებული ძალების ძალისხმევით და მოხალისეთა ორგანიზაციების დახმარებით, ჩვენ გამოგვყავს ყველა, ვისაც სურს სახიფათო ადგილების დატოვება. ყველა ევაკუირებული იღებს ჰუმანიტარულ დახმარებას და უფასო საცხოვრებელს ხარკივის რეგიონის შედარებით უსაფრთხო რაიონებში ან რეგიონის გარეთ", - განაცხადა სინეგუბოვმა.