ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასთან ხმაური იყო. შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერში, ორგანიზაცია „უბან არტის“ წევრებს პერფორმანსის „გააპარტყუნე ყურები“ ჩატარება სურდათ, თუმცა ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.
როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, ერთი წლის წინ, მათ საქართველოს ხელისუფლებას ქუთაისში ხელოვნების პარკის პროექტი წარუდგინეს და დღემდე პასუხი არ მიუღიათ.
„ერთი წლის წინ, მივმართეთ ცენტრალურ ხელისუფლებას, ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ ქუთაისში შექმნილიყო ხელოვნების პარკი. პროექტი გამზადებული ჩავაბარეთ, ცენტრალურმა ხელისუფლებამ მერიას უთხრა, თქვენი საქმეაო, თუმცა ეს მერიის საქმე არაა. რამდენიმე აქტივობა გვქონდა, მაგრამ ყურები არავინ გააპარტყუნა“, - განაცხადა აქციის მონაწილემ.
ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე გოგი წულაიაც.
„წელიწადზე მეტია, ამას ემუდარებიან და ნოლია ყურადღება. დღეს მოუწოდეს მათ „გააპარტყუნეთ ყურები“, მაგრამ მათ არავითარი სიმართლის გაგება არ უნდათ და სიმართლეს ებრძვიან ზედამხედველობის სამსახურით“, - განაცხადა წულაიამ.
აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვენ.