სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა პარლამენტთან აქციის ორი მონაწილის მიმართ უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების საქმეზე გამოძიება დაიწყო.
"გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლებისმხრიდან, 2023 წლის 2 მარტს, ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების ბ.გ-ს და ნ.ნ-ს მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო", - აცხადებენ უწყებაში.
გუშინ რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე პოლიციამ 36 ადამიანი, მათ შორის 2 ჟურნალისტი დააკავა. დაკავებულთა შორის არიან სტუდენტები, აქტივისტები.
გამოცემა პუბლიკას რედაქტორი ზურა ვარდიაშვილი და ტაბულას ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი შსს-მ გუშინ ღამით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. დანარჩენი დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან.
ფორმულასთან ინტერვიუში ზურა ვარდიაშვილმა განაცხადა, რომ პოლიციელებმა ჟურნალისტები ბრძანების მიღების შემდეგ გამოუშვეს, თუმცა მან ხელწერილიც არ დაწერა.
„იმიტომ დამაკავეს რომ ჟურნალისტი ვარ. არანაირი აზრი არ ჰქონდა იმის ძახილს, ვინ ვიყავი. უბრალოდ მან [პოლიციელმა] დაიყვირა დააკავეთო, მტაცეს ხელი რატომღაც ნიღბიანმა ადამიანებმა, ჩამტენეს მანქანაში და წამიყვანეს განყოფილებაში. მერე იქ აღმოჩნდა, რომ სადღაც ზემოთ არ იყო გადაწყვეტილი ჟურნალისტების დაკავება და დიდი ხმაური მიიღეს, სპონტანური აქცია მიიღეს სამინისტროსთან. როგორც მომკიდეს ხელი და დამაპატიმრეს ისევე მომკიდეს ხელი და გამომიშვეს. ხელწერილიც კი არ დავუწერე, მაგრამ უბრალოდ ბრძანება მიიღეს და გამომიშვეს“ - განაცხადა ზურა ვარდიაშვილმა.
ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ პარლამენტთან რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე ჟურნალისტების დაკავებას და პარლამენტის მხრიდან მედიის წარმომადგენლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა დაგმო.
ქარტიის თქმით, მედიის მიმართ მსგავსი ფორმით მოპყრობა კანონდარღვევაა.