საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტიდან Georgian Airways-ის ოფისთან მივიდნენ. ისინი რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას აპროტესტებენ. Georgian Airways მოსკოვში ფრენას 20 მაისიდან იწყებს.
შენობასთან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა.
"საქართველო მთავრობა ცდილობს, ევროკავშირის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები მიიღოს - გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს, რომ ევროკავშირმა არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, გავხდეთ კვლავ რუსეთის გუბერნია, რასაც ჩვენ, სტუდენტები, სამოქალაქო საზოგადოება არ შევეგუებით", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ლაზარე ორდენაძე ფორმულასთან.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა - გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.
ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.
პარალელურად, მოქალაქეები პეტიციით ითხოვენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე სავიზო რეჟიმი დააწესოს, ასევე, უარი თქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე, რუსეთთან ფარულ გარიგებებზე და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირში ინტეგრაციისათვის.
ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა.
ამ დროის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ რუსეთი საქართველოსთან განიხილავდა როგორც პირდაპირი ფრენების აღდგენას, ისე სავიზო რეჟიმის გაუქმებას.
იმ დროს კი, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური ომის ფონზე, დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან ფრენებს კრძალავდნენ და სავიზო რეჟიმსაც აწესებდნენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პირიქით, მათთვის მისასალმებელი იქნებოდა უვიზო მიმოსვლა და ფრენების აღდგენაც.