აშშ-ის საელჩო 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წლის გასვლას ეხმაურება. განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ პატივს მიაგებს მათ ხსოვნას, ვინც ვერ მოესწრო იმ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რომლისთვისაც ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე გაიღო.
ამასთან, განცხადებაში წერია, რომ ამერიკა-საქართველოს დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დემოკრატია აერთიანებს.
"9 აპრილს ვიხსენებთ საბჭოთა არმიის ხელით დაღუპულ 21 ადამიანსა და ასობით დაშავებულს, რომელიც მშვიდობიანი დემონსტრაციით თავისუფლებას ითხოვდა. პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, ვინც ვერ მოესწრო იმ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რომლისთვისაც ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე გაიღო.
ასეთ დღეებში ყველაზე მძაფრად ვგრძნობთ, რატომ გვაერთიანებს ამერიკა-საქართველოს ასე მჭიდროდ ჩვენი თანაზიარი, უმაღლესი ღირებულებები: დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დემოკრატია", - წერია განცხადებაში.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიით და მსხვერპლით დაწყებული თავისუფლების სიმბოლოდ იქცა.
9 აპრილს, გამთენიისას რუსულმა არმიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშლა დაიწყო. ამ ღამეს ასობით ადამიანი დაშავდა და მოიწამლა. სადამსჯელო ოპერაციას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომელთა უმეტესობა ახალგაზრდები იყვნენ, მათ შორის სამი 16 წლის მოზარდიც იყო.