logo
ENG



აშშ-ის საელჩო: დმანისსა და რუსთავში მომხდარ ძალადობრივ თავდასხმებს ვგმობთ

22 სექ 202120:29
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, გმობენ დმანისსა და რუსთავში მომხდარ ძალადობრივ თავდასხმებს, რომლებიც, მათი თქმით, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებულია. დმანისში მოქმედ მერს გიორგი ტატუაშვილს, რომელიც ენმ-ის მერობის კანდიდატია, ასევე, კახა ოქრიაშვილს და მათ მხარდამჭერებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. რუსთავში კი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერს სცემეს.

აშშ-ის საელჩო განცხადებაში წერს, რომ ეს და ქვეყნის მასშტაბით ოპოზიციის კანდიდატების მიმართ ზეწოლისა და დაშინების შესახებ მრავალი ცნობა წარმოშობს სერიოზულ ეჭვებს მთავრობის ერთგულებაზე უსაფრთხო წინასაარჩევნო კამპანიისა და დემოკრატიული არჩევნების მიმართ.

"ძალადობა მიუღებელია ნებისმიერ საარჩევნო კამპანიაში. მთავრობას აქვს ძირითადი პასუხისმგებლობა, შექმნას ისეთი გარემო, რომელიც დაიცავს ადამიანის უფლებებს და უზრუნველყოფს თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ არჩევნებს, რომლის მიმართაც ამომრჩეველს ექნება ნდობა", - ნათქვამია განცხადებაში.

მათი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააორმაგოს ძალისხმევა იმის უზრუნველსაყოფად, რომ კანდიდატებმა და მათმა მხარდამჭერებმა შეძლონ შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების დემოკრატიული უფლებებით სარგებლობა დაშინების, შევიწროების ან ძალადობის საფრთხეების გარეშე, აგრეთვე, შეძლონ აქტიური ნაბიჯების გადადგმა იმ პირთა პასუხისგებისთვის, ვინც არღვევს არჩევნების პირობებს.

"ყველა პარტიას აქვს სამოქალაქო ვალდებულება, ხელი შეუწყოს მშვიდობიან გარემოს, რომელშიც მოქალაქეები შეძლებენ იმსჯელონ სხვადასხვა საკითხზე, გამოხატონ თავიანთი აზრი, თუ რას ანიჭებენ უპირატესობას და აირჩიონ მათთვის სასურველი კანდიდატები ძალადობისა და დაშინების საფრთხის გარეშე", - აღნიშნულია განცხადებაში.

გუშინ, 21 სექტემბერს დმანისში, სოფელ განთიადში მოქმედ მერს, რომელიც ენმ-ის მერობის კანდიდატია, ასევე კახა ოქრიაშვილს და მათ მხარდამჭერებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. საქმეზე ერთი პირი დააკავეს, რომელიც, ფორმულას ინფორმაციით, ქართული ოცნების დმანისის მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ დაუთაშვილის შვილია.

ასევე გუშინ რუსთავში ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერს სცემეს.


close დახურვა