logo
ENG



აშშ-ის საელჩო აგვისტოს ომზე: 12 წელი გავიდა, რაც რუსეთი საქართველოს რეგიონებში შეიჭრა

07 აგვ 202011:36
3 წუთის საკითხავი
 
tjb2u3shtpys8wo.jpg

საქართველოში ამერიკის საელჩო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს განცხადებით ეხმაურება და რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე.

"ფორმულა" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"თორმეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში შეიჭრა. 7 აგვისტო მწუხარებით გვახსენებს რუსეთის ოკუპაციის შედეგად დაზარებულ ათასობით ადამიანს, რომლებიც კვლავაც განსაცდელში რჩებიან. დღეს ვიხსენებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც თავიანთი სახლების დატოვება და დევნილობა აიძულეს. ჩვენ ვიხსენებთ უდანაშაულო, მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც დაიღუპნენ იმის გამო, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი ჩაკეტა და არ მისცა მათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღების უფლება. ჩვენ გვახსოვს უკანონო „ბორდერიზაციის“ შედეგად გახლეჩილი ოჯახები და დაკარგული საარსებო წყარო. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო კოვიდ 19-ით გამოწვეულ ზიანთან გამკლავებას ცდილობს, საქართველო, ამავდროულად, ზარალდება სავაჭრო ურთიერთობების დაკარგვით იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც ახლა ერთმანეთს თვითნებურად დადგენილი გამყოფი ხაზებით არიან მოწყვეტილი, ეს კი ქვეყნის ეკონომიკური აღდგენის პროცესს კიდევ უფრო აბრკოლებს.

გასულ წელს, ჩვენ, ასევე, ვიხილეთ რუსეთის მიერ მართული მასშტაბური შემოჭრა და ჩორჩანა-წნელისის მიმდებარედ დამატებით ასობით მეტრი ტერიტორიის გაკონტროლების მცდელობა. რუსეთი კვლავ არღვევს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რუსი „მესაზღვრეები“ აკავებენ მშვიდობიან მოქალაქეებს და ახორციელებენ ძალადობრივ ქმედებებს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე, ბოლო პერიოდში საქართველოს მოქალაქის მიმართ გასროლის ფაქტის ჩათვლით. რუსეთის მიერ მართული უსაფრთხოების ძალები აგრძელებენ ქართული ტერიტორიების თანდათანობით მიტაცებას და ცდილობენ ოკუპირებული ტერიტორიების თითოეული მეტრით გაფართოებას.

2008 წლის შეთანხმების ფარგლებში რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებები მკაფიოა: რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუფერხებელი წვდომა. გარდა ამისა, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ასი ათასობით დევნილმა და ლტოლვილმა შეძლოს საკუთარ სახლში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნება. ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულება ქართველი მეგობრებისა და პარტნიორების მიმართ ურყევია. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და მათთან ერთად მოვუწოდებთ რუსული აგრესიის შედეგად გაყოფილ საზოგადოებებს კვლავ გაერთიანებისკენ", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად, დაიღუპა საქართველოს 224 სამოქალაქო პირი, თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი. 150 ათას ადამიანს საკუთარი საცხოვრებლის დატოვება მოუწია. მათგან ბევრი დღესაც დევნილია.


close დახურვა