აშშ-ში შუალედურ არჩევნებში ხმის მიცემა დასრულდა. ახლა ხმების დათვლა მიმდინარეობს და არაერთ შტატში გამოქვეყნებული საბოლოო სავარაუდო შედეგების მიუხედავად, ამ დროისთვის მკაფიო არაა რომელი პარტია მოიპოვებს უმრავლესობას წარმომადგენელთა პალატასა და სენატში.
შუალედურ არჩევნებში სენატის 35 წევრს, წარმომადგენელთა პალატის ყველა - 435 წევრსა და 30-ზე მეტ შტატში გუბერნატორს ირჩევენ.
არჩევნების დღემდე ხმა ფოსტით ან საარჩევნო უბანზე 46 მილიონზე მეტმა ამერიკელმა მისცა.
პირველადი მონაცემები
Reuters-ის ცნობით, პირველადი მონაცემებით, ამ დროისთვის სენატის 100 ადგილიდან 48 დემოკრატიულმა პარტიამ მიიღო, 47 კი რესპუბლიკურმა, შესაბამისად ის თუ ვინ მოიპოვა სენატში უმრავლესობა საბოლოო შედეგებით გახდება ცნობილი.
ჯერჯერობით გაურკვეველია როგორ გადანაწილდება ძალები სენატში, ვინაიდან 3 შტატში, არიზონაში, ჯორჯიასა და ნევადაში ხმები ბოლომდე დათვლილი კვლავ არაა.
ამ ეტაპზე სენატში ადგილები 50-50-ზეა განაწილებული და ვინაიდან ვიცეპრემიერი კამალა ჰარისი დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენს სენატსაც დემოკრატები აკონტროლებენ, შესაბამისად თუ შუალედური არჩევნების შედეგები კვლავ თანაბარი იქნება უმრავლესობა კვლავ დემოკრატიულ პარტიას დარჩება.
წარმომადგენელთა პალატაში 435 ადგილი უნდა გადანაწილდეს და ამერიკული მედიის წინასწარი მონაცემებით, შესაძლოა რესპუბლიკელებმა დემოკრატებს უმრავლესობა წაართვან. ამჟამად დემოკრატებს პალატაში 220 ადგილი უჭირავთ, რესპუბლიკელებს კი 212. უმრავლესობისთვის 218 ადგილია საჭირო.
რაც შეეხება სენატს, სადაც უმრავლესობაში დემოკრატები არიან, წინასწარი მონაცემებით, აქ შანსები თანაბარია ორივე პარტიისთვის.
ამ დროისთვის, Reuters-ის ცნობით, რესპუბლიკური პარტია ლიდერობს უკვე მოპოვებული 199 ადგილით, დემოკრატებს კი 173 ადგილი აქვთ. ვინაიდან ცალკეულ კონკურენტულ შტატებში მონაცემები სრულად არაა დათვლილი, საბოლოო შედეგები ცხადჰყოფს როგორ გადანაწილდება დარჩენილი 63 ადგილი.
წარმომადგენელთა პალატაში, როგორც წესი, პარტია რომელსაც თეთრი სახლი უკავია შუალედურ არჩევნებში ლიდერობას კარგავს ხოლმე.
ვარაუდობენ, რომ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას რესპუბლიკური პარტია მოიპოვებს, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს ბაიდენისთვის პრიორიტეტული ინიციატივები დაბლოკონ.
პალატის რესპუბლიკელმა ლიდერმა კევინ მაკკართი იმედოვნებს, რომ კონგრესის ქვედა პალატაში მისი პარტია გაიმარჯვებს და თავად პალატის სპიკერი გახდება.
მაკკართიმ თავის მხარდამჭერებს მიმართა “ხვალ, როცა გაიღვიძებთ, ჩვენ უმრავლესობაში ვიქნებით ნენსი პელოსი კი უმცირესობაში”.
კონგრესში უმრავლესობით რესპუბლიკელებს ექნებათ უფლება დაბლოკონ უკრაინისთვის დახმარება, მაგრამ ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სავარაუდოდ, ისინი შეანელებენ ან შეაჩერებენ თავდაცვისა და ეკონომიკური დახმარების ნაკადს.
რაც შეეხება შტატების გუბერნატორთა არჩევნებს, 24 შტატში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა გაიმარჯვა, 21-ში კი დემოკრატებმა. შედეგებს კიდევ 4 შტატიდან ელიან.
2 შტატში - მერილენდსა და მასაჩუსეტსში, სადაც წინა არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა გაიმარჯვა, ახლა დემოკრატიული პარტია ლიდერობს.
2020 წლის არჩევნების შედეგების უარმყოფელები შუალედურ არჩევნებში
შუალედურ არჩევნებში იმ კანდიდატების რაოდენობა და შედეგები ვინც 2020 წლის არჩევნებში ტრამპის პოზიციას, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა დემოკრატებში შეშფოთებას იწვევს.
ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან ზოგიერთი ის პოზიცია რომლისთვისაც ეს კანდიდატები იბრძვიან ექნებათ მნიშვნელოვანი ძალაუფლება არჩევნების ადმინისტრირებასა და სერტიფიცირებაზე და შესაძლოა, მომავალ, 2024 წლის არჩევნებში, რომელში მონაწილეობასაც დონალდ ტრამპიც გეგმავს, ამ პოზიციების დახმარებით ჩაერიონ.
ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია FiveThirtyEight-ის დათვლებით, იმ ამერიკელების 60%-ს, ვინც შუალედურ არჩევნებში ხმას აძლევს კანდიდატთა სიაში ის რესპუბლიკელები შეხვდებათ, ვინც 2020 წლის არჩევნების ვალიდურობას უარყოფს.
ორგანიზაციის ცნობით, 552 რესპუბლიკელი კანდიდატიდან 199-მა წარსულში სრულად უარყო 2020 წლის არჩევნების ლეგიტიმურობა, დამატებით 61-მა კი ეჭვი შეიტანა შედეგების სანდოობაში.
ამჟამად არჩევნებში კონგრესმენის, გუბერნატორის ან სენატორის პოზიციისთვის 260 ისეთი კანდიდატი იბრძვის, ვინც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ან უარყო ან მასში ეჭვი შეიტანა, მათგან 50 კი პოსტისთვის იბრძვის, ისეთ კონკურენტულ შტატებში, სადაც რესპუბლიკელებს ან დემოკრატებს მკვეთრი მხარდაჭერა არ აქვთ.
ამ 50 კანდიდატიდან 9 გუბერნატორის პოსტისთვის იბრძვის, 5 სენატის არჩევნებში, 31 კი წარმომადგენელთა პალატის, დარჩენილი 5 კი შტატების მდივნის პოზიციებისთვის.
გამოცემა Axios-ის ცნობით, მნიშვნელოვანი დამთხვევებია ამ კანდიდატებისა და იმ ადამიანთა სიაში, ვინც ტრამპმა პარტიის შიდა არჩევნებში კანდიდატებად დაამტკიცა. Axios წერს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებისას ტრამპი სწორედ 2020 წლის არჩევნებისადმი რესპუბლიკურ პარტიის წევრების პოზიციის ხელმძღვანელობდა.
გამარჯვების შემთხვევაში, ამ რესპუბლიკელებს შესაძლოა ჰქონდეთ მნიშვნელოვანი ძალაუფლება არჩევნების ადმინისტრირებაზე ან მათ დამტკიცებაზე. არჩევის შემთხვევაში მათ ექნებათ მძლავრი საყრდენები, საიდანაც მომავალ 2024 წლის არჩევნების შეფერხებას შეძლებენ.
ამ კუთხით საყურადღებოა შტატის მდივნის პოზიცია, რომელიც შტატში ჩატარებულ არჩევნებში უმაღლესი ოფიციალური პირად მიიჩნევა, მაშინ როცა გუბერნატორის როლი საპრეზიდენტო არჩევნების სერტიფიცირებაა.
ამჟამად შტატის მდივანს 35 შტატში 4 წლის ვადით ირჩევენ, დანარჩენ შტატებში კი მათ გუბერნატორები შტატის სენატის მხარდაჭერით ნიშნავენ.
ამერიკის 38 შტატში მდივნის პირდაპირ უფლებამოსილებაში შედის არჩევნების ჩატარება, მათ შორის კვალიფიკაციის წესების ზედამხედველობა, ფინანსური რეგულაციების ზედამხედველობა და საარჩევნო დღის პროცედურების გაწერა.
რამდენიმე ისეთ შტატში, სადაც წინასწარ რთულია იმის განჭვრეტა რომელი პარტია მოიგებს (swing states) როგორებიცაა არიზონა, ნევადა და მინესოტა, რესპუბლიკურ პარტიას სწორედ ის კანდიდატები ჰყავს შტატის მდივნის პოზიციაზე, ვინც 2020 წლის არჩევნებს ყალბად მიიჩნევს.
საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ არჩევნებისადმი დამოკიდებულების შესაბამისად, კონკურენტული შტატების გარდა ასობით რესპუბლიკელს გარანტირებულ აქვს მოგება იმ შტატებში, სადაც კონკურენცია ნაკლებია და პარტიის გამარჯვება, შეიძლება ითქვას, წინასწარ განჭვრეტადია.
არჩევნების საბოლოო სურათს ამერიკა სავარაუდოდ 8 ნოემბერს ღამით ან ცალკეული შტატების შემთხვევაში 9 ნოემბერს შეიტყობს.
რამდენიმე შტატში, მათ შორის პენსილვანიაში, არიზონასა და ჯორჯიაში სენატის არჩევნებში თანაბარ, კონკურენტულ ბრძოლას ელიან, შესაბამისად, ამ შტატებში შედეგების დათვლამ, შესაძლოა, მეტხანს გასტანოს.