აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ახალ სპიკერად 51 წლის რესპუბლიკელი, მაიკ ჯონსონი აირჩიეს - მას მხარი 220-მა კონგრესმენმა დაუჭირა. ამ კენჭისყრამდე წარმომადგენელთა პალატა 22 დღის განმავლობაში სპიკერის გარეშე იყო.
მაიკ ჯონსონი ლუიზიანის შტატის წარმომადგენელი კონგრესმენია, რომელიც კონგრესში 2016 წელს აირჩიეს. ჯონსონი დონალდ ტრამპის მხარდამჭერია და მისი პირველი იმპიჩმენტის დროს მისი იურიდიული გუნდის წევრი იყო. მას სხვადასხვა დროს ეკავა რესპუბლიკური პარტიის კომიტეტის თავმჯდომარისა და წარმომადგენლობათა პალატის კონფერენციის ვიცე თავმჯდომარის პოზიციები.
2020 წლის არჩევნების შემდეგ, როცა ბაიდენის უპირატესობა გამოიკვეთა, ჯონსონმა ტვიტერზე ტრამპის მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ამერიკელებში საარჩევნო სისტემის სამართლიანობის მიმართ ნდობის აღდგენის მიზნით, ყველა შესაძლო სამართლებრივი გზა უნდა გამოეყენებინათ. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯონსონის კანდიდატურის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და სოციალურ ქსელში კონგრესმენებს მისი არჩევისკენ მოუწოდა.
ამასთან, ჯონსონი იყო 57 დეპუტატს შორის ერთ-ერთი, ვინც მაისში უკრაინისთვის 39,8 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გამოყოფის წინააღმდეგ მისცა ხმა. როგორც ჯონსონმა თქვა, აშშ არ უნდა "ხარჯავდეს დამატებით 40 მილიარდ დოლარს საზღვარგარეთ, როცა მის საზღვრებშია ქაოსი, გაზის ფასები რეკორდულია და ამერიკელი ოჯახები იბრძვიან, რათა საკუთარი თავები გაიტანონ".
4 ოქტომბერს, ისტორიაში პირველად აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სპიკერი გადააყენა. რესპუბლიკელ კევინ მაკარტის მისივე პარტიიდან კონსერვატორი რესპუბლიკელების მცირე ჯგუფი დაუპირისპირდა, ხოლო დემოკრატიული პარტია თავისი ხმებით მათ ლიდერის გადაყენებაში დაეხმარა.
მისი გადაყენების შემდეგ, რესპუბლიკელი ჯიმ ჯორდანის მცდელობა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი გამხდარიყო, წარუმატებლობით დასრულდა. მის კანდიდატურას პალატაში სამჯერ უყარეს კენჭი და ვერც ერთხელ საკმარისი ხმების რაოდენობა მან ვერ დააგროვა. ამის შემდეგ რესპუბლიკურ პარტიაში ჯიმ ჯორდანის კანდიდატურის მოხსნას დაუჭირეს მხარი.