logo
ENG



აშშ ბელარუსიის მთავრობას დემონსტრანტთა უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს

11 აგვ 202001:21
3 წუთის საკითხავი
 
mvvz47qoehljndj.jpg

 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ბელარუსში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმიანება. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბელარუსში არჩევნები არასამართლიანად ჩატარდა.

ასევე ნათქვამია, რომ პროცესი,  კანდიდატებისთვის ბიულეტენზე წვდომის შეზღუდვამ, საარჩევნო უბნებში დამოუკიდებელი დამკვირვებლების აკრძალვამ, ოპოზიციის კანდიდატების  დაშინებამ, მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების დაკავებამ შეაფერხა.

"ვწუხვართ, რომ არჩევნების მონიტორინგისთვის, ეუთო/ოდირის დამკვირვებლებმა არ მიიღეს დროული მიწვევა. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ყველა ხელისუფლების ლეგიტიმურობის საფუძველია",-ნათქვამია განცხადებაში.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ბელარუსიის მთავრობას დაჟინებით მოუწოდებს, მომიტინგეებს საშუალება მისცეს გამოხატონ პროტესტი და თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისგან.

"ბელარუსის მთავრობას დაჟინებით მოვუწოდებთ, რომ პატივი სცენ თითოეული მოქალაქის უფლებას, მონაწილეობა მიიღონ მშვიდობიან შეკრებაში, თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისგან და გაათავისუფლონ უსამართლოდ დაკავებულები. მკაცრად ვგმობთ მომიტინგეებზე ძალადობას და ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერების დაკავებას. ასევე ვგმობთ ინტერნეტის შეზღუდვას, ვინაიდან ბელარუსის მოქალაქეებს არჩევნებთან და დემონსტრაციებთან დაკავშირებით ინფორმაცია ეზღუდება",-წერია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მხარს უჭერს ბელარუსის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, ასევე ბელარუსი ხალხის მისწრაფებას დემოკრატიული მომავლისკენ.

"მხარს ვუჭერთ ბელარუსის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, ისევე როგორც მათ მისწრაფებას დემოკრატიული მომავლისკენ. ამ მიზნის მისაღწევად ბელარუსიის მთავრობამ, ქმედებებით უნდა დაამტკიცოს, რომ დემოკრატიული პროცესების ერთგულია და პატივს სცემს ადამიანის უფლებებს",-აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. არაოფიციალური ეგზიტპოლი განსხვავებულ მონაცემებს ავრცელებს. პარალელური დათვლების მონაცემებით,  პირველ ადგილს ტიხანოვსკაია იკავებს - 72.1%-ით, ხოლო ლუკაშენკოს 13.7% აქვს. 

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. მომიტინგეები ოფიციალური ეგზიტპოლის შედეგებს აპროტესტებდნენ. მოქალაქეებსა და სამათალდამცველებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ბელარუსში აქციის დროს 3 ათასი მოქალაქე დააკავეს, 89 ადამიანი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა

 

 

 

 


close დახურვა