ამერიკის საელჩო უზენაესი სასამართლო მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ იმისათვის, რომ საქართველოს სასამართლო სისტემამ მოიპოვოს უფრო მეტი ნდობა, საელჩო ურჩევს პარლამენტსა და ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს, რომ დამატებითი კანდიდატების შერჩევამდე რეაგირება მოახდინონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში დაფიქსირებულ ხარვეზებზე.
„ფორმულა“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ბოლო თვეების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ყურადღებით აკვირდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს უვადოდ გამწესებისთვის. მაისში ჩვენ გამოვთქვით წუხილი პარლამენტის მიერ მიღებულ შერჩევის პროცედურებზე, რომელმაც ვერ ასახა ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მისიების ბევრი რეკომენდაცია. ჩვენ ვიზიარებთ საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ქართველი ექსპერტების შეფასებას, რომ კანდიდატთა შერჩევის შემდგომი პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყო არასაკმარისად გამჭვირვალე, შედეგად, რიგი ნომინირებული პირებისა არ წარმოადგენდნენ საუკეთესო კვალიფიციურ კანდიდატებს.
ნომინირებული კანდიდატების მოსმენები პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში იყო ღია და გამჭვირვალე. მოსმენებისას კანდიდატების გარკვეულმა ნაწილმა ვერ შეძლო საკმარისად წარმოეჩინა იურიდიული ცოდნა ან ერთგულება მიუკერძოებლობისადმი. ჩვენ ვწუხვართ, რომ დღეს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სიაში ეს ნომინირებული კანდიდატებიც არიან.
სასამართლო დამოუკიდებლობა უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას, არის დემოკრატიის გარანტი და ეკონომიკური ზრდის ქვაკუთხედი. იმისათვის, რომ საქართველოს სასამართლო სისტემამ მოიპოვოს უფრო მეტი ნდობა, ჩვენ ვურჩევთ პარლამენტს და ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს, რომ დამატებითი კანდიდატების შერჩევამდე რეაგირება მოახდინონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში დაფიქსირებულ ხარვეზებზე. ამასთან, იმ მღელვარების გათვალისწინებით პარლამენტში, რაც თან ახლდა დღევანდელ კენჭისყრას, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ თავაზიანობისა და კონსტრუქციულობის ფარგლებში“, - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 უვადო მოსამართლე დაამტკიცა, აქედან 2 მოქმედი მოსამართლეა. პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა თამარ ალანიას, შოთა გეწაძის, პაატა სილაგაძის, ლაშა ქოჩიაშვილისა და გოჩა ჯეირანაშვილის კანდიდატურას.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კადნდიდატობის 20-კაციანი სია გადაუგზავნა. კანდიდატებმა პარლამენტის იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე უკვე უპასუხეს პარლამენტის დეპუტატის კითხვებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, საზოგადოების ნაწილი და ოპოზიციური პარტიების უმეტესობა თვლიან, რომ კანდიდატების უმეტესობა ე.წ. ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის წევრები არიან და ხელისუფლებას 20-კაციანი სიით სასამართლოს ხელისუფლების მთლიანად მიტაცება სურს.