მაღლმთიანი აჭარის 4 მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესი შეჩერდა. როგორც ფორმულას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ვაქცინაციის პროცესი გრძელდება ქობულეთსა და ბათუმში.
დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ახალციხეში, გუშინ 18 მარტს კლინიკა იმედში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანა. თუმცა ექთნის გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის დღეს, 19 მარტს გარდაიცვალა. სავარაუდოდ, ექთნის გარდაცვალებას უკავშირდება მაღალმთიან აჭარაში ვაქცინაციის პროცესის შეჩერება.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, ფაქტს გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი შეისწავლის.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ახალციხეში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
რაც შეეხება სავარაუდო ანაფელაქციურ რეაქციას იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ "ანაფილაქსია შეიძლება მარტივ წამლებზეც განვითარდეს". ანალოგიურ განცხადებას ჯანდაცვის მინისტრიც აკეთებს და აღნიშნავს, რომ "ანაფილაქსია მხოლოდ ვაქცინის გართულება არაა, წელიწადში 60-80 შემთხვევა გვაქვს".
გარდა ამისა, ევროპის წამლების სააგენტომ დაადგინა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ასტრაზენეკას ვაქცინა "უსაფრთხო და ეფექტიანია" და "მას გაცილებით მეტი სარგებელი აქვს, ვიდრე რისკი".