logo
ENG



ახალი გარემოებები შაქარაშვილის საქმეზე - ტოიოტას მარკის ავტომობილი დაზიანებულია

04 ივლ 202012:25
3 წუთის საკითხავი
 

„ფორმულასთვის“ გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალი მასალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ საქმეში უკვე დევს 26 ივნისს ჩატარებული ავტომანქანის ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. დასტურდება რომ „ტოიოტა ქემრი“  მარჯვენა მხარეს დაზიანებულია, რაც ავარიის ეჭვებს აჩენს. თუმცა დასკვნაში წერია, რომ მანქანამ დაზიანებები მკვრივ საგანთან შეჯახებით მიიღო.

შაქარაშვილის საქმეს კიდევ ორი ახალი ტომი ემატება, 30-ზე მეტი მოწმე არის გამოკითხული. საქმის მასალების თანახმად, გამოკითხულია ტაქსის მძღოლიც, რომლემაც 19 ივნისის ღამეს კონსტანტინე ღიბრაძე თბილისში ჩამოიყვანა.

ერთ-ერთი დაკავებულის, ვასილ მახარაძის ადვოკატის თქმით, ავტომობილის დაზიანებები გამორიცხავს ვერსიას, რომ მანქანის მძღოლი ხიდზე მყოფ რომელიმე პირს დაეჯახა.

„ათობით მოწმე არის გამოკითხული, საგამოძიებო მოქმედებებია ჩატარებული. გვაქვს მაგთიკომიდან და სხვა კომპანიებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, მათ შორის სატელეფონო ზარების შესახებ, ანძების შესახებ და ა.შ. მე რაც თვალში მომხვდა, ეს არის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, იყო ვერსია, ხომ არ იყო შეჯახება კონკრეტული პიროვნების მიმართ, თუმცა ეს გამოირიცხა. არის ავარიული ხასიათის მექანიკური ხასიათის დაზიანება, რომელიც, შესაძლოა, განვითარებულია 2 ავტომანქანის შეჯახების შედეგად. თუმცა ეს არ უკავშირდება ამ დღეს. ამის დადგენა გამოირიცხა და შეუძლებელი გახდა, ვინაიდან ხანდაზმულობის კუთხით არ არის მსჯელობის საგანი“, - აცხადებს ვასილ მამულაშვილი

საქმის პარალელურად, ასევე ცნობილი ხდება ისიც, რომ გამოძიების მიმართ შენიშვნები აქვთ იურისტებს. მათი აზრით, გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით მიდის და წაყენებული მუხლები უფრო მძიმე უნდა იყოს. 

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

გარდა ამისა, უწყებამ შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოპოვებული ვიდეომასალა გაავრცელა, რომელშიც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი  რამდენიმე ინციდენტია ასახული. 

დაკავებულთა შორის არიან მორაგბეები, ერთი მოჭიდავე და ერთი ფეხბურთელი ირაკლი წაქაძე, გიორგი შაქარაშვილის მეგობარი. 

შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

დაკავებული პირებიდან არცერთი ბრალს არ აღიარებს. მათი ადვოკატები აცხადებენ, რომ ისინი უსაფუძვლო ბრალდებებით არიან დაკავებულები.

ფეხბურთელი 19 ივნისს გაუჩინარდა, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.


close დახურვა