logo
ENG



ახალშობილების მდგომარეობა მძიმეა მაგრამ მართვადი - რატიანი

30 მარ 202011:58
3 წუთის საკითხავი
clock 422

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ ეტაპზე სულ 67 პაციენტი იმყოფება. როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა აღნიშნა, 17 პაციენტს კოვიდ-19 დადასტურებული აქვს, ხოლო 50 პირი საეჭვო შემთხვევას მიეკუთვნება. 

გარდა ამისა, რატიანის განცხადებით, რეანიმაციაში მკურნალობას რამდენიმე პაციენტი გადის და მათი მდგომარეობა მძიმეა. მან ბავშვებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მცირეწლოვნების მდგომარეობა მართვადია. 

ამასთან, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ამბობს, რომ 3 პაციენტის მდგომაროება გაუმჯობესებულია და მათ რამდენიმე დღეში განმეორებითი ტესტი ჩაუტარდებათ. 

"ამ ეტაპზე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სულ 67 პაციენტი წევს. აქედან 17 არის დადასტურებული შემთხვევა. დანარჩენი 50 პაციენტი არის საეჭვო შემთხვევა. მოგეხსენებათ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ამოაგდო მცნება მოგზაურობის და აქედან გამომდინარე ყველა მათგანს, ვინც შემოვა ჩვენთან კლინიკაში, აქვს თუ არა მოგზაურობის ისტორია, ანამნეზი ექვემდებარება კოვიდინფექციის გამოკვლევას. გუშინ რამდენიმე პაციენტზე უარყოფითი პასუხი მოვიდა, დღეს შემოწმდება პარაკლინიკური კვლევები და თუ დააკმაყოფილებენ ეს კვლევი ჯანმოს მოთხოვნებს, ეს პაციენტები გადავლენ კარანტინში. რეანიმაციაში გვყავს რამდენიმე პაციენტი და მათი მდგომაროება მძიმეა. რაც შეეხება ახალშობილებს, მათი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ მართვადია. დანარჩენი პაციენტებიც იმყოფებიან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. 3 პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ამ დღეებშე განმეორებით ტესტებს გავაგზავნით და თუ ისევ უარყოფითი პასუხი მოვიდა, დატოვებენ კლინიკას", - ამბობს რატიანი. 

შეგახსენებთ, რომ ამ დროის მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირების 98 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 18 გამოჯანმრთელებულია. კარანტინში, ბოლო მონაცემებით, იმყოფება 4876 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 264 საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ხოლო ორ მუნიციპალიტეტში, მარნეულსა და ბოლნისში, კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. გარდა ამისა, საგანგებო რეჟიმის გამკაცრება მოხდა ორ ქალაქში - ზუგდიდსა და ფოთში, იქ პოლიციის ბლოკ-პოსტებია განთავსებული.


close დახურვა