დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბაზრობებზე ყურადღება გამკაცრდება.
როგორც გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევათა მატებას უკავშირდება. მისი განმარტებით, გარდაბნის სოფლებში მცხოვრები ადამიანები სხვადასხვა ბაზრობებზე აქტიურად მუშაობენ, ამიტომ უსაფრთხოების ზომების გამკაცრება აუცილებელია.
„დილის 8 საათიდან დაიწყო გაფართოებული ტესტირება გარდაბნის სოფლებში. 6 ბრიგადა მუშაობს სოფელ ყარაჯალაში. დილის მონაცემებით, 107 ბიოლოგიური ნიმუში უკვე აღებული იყო და ვფიქრობთ სადღაც 600-700 ნიმუშს ავიღებთ. ამ კვირაში გაგრძელდება ინტენსიური მუშაობა ამ ადამიანებთან და ინტენსიური გამოკვლევა, რათა სრულად მოვიცვათ ადამიანები. სადაც იდენტიფიცირებული იქნება ინფექცია, გადაყვანილები იქნებიან სამკურნალოდ, რათა დროულად ჩავახშოთ აქ ეს მცირე ეპიდაფეთქება რაც გვაქვს და არ მივცეთ ინფექციას გავრცელების საშუალება. ეს ადამიანები ძალიან აქტიურები არიან. ისინი მუშაობენ სხვადასხვა ბაზრობებზე, ამიტომ გასამკაცრებელი იქნება ყურადღება მათ შორის ლილოს ბაზრობაზე, დინამოს ბაზრობაზე, სხვადასხვა სასურსათო პროდუქტების ბაზრობებზე. ყურადღება მეტი, აუცილებელია თერმოსკრინინგი, შესაბამისად, სიმპტომიანი ადამიანების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და მათი იზოლირება კარანტინში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 1 049 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 903 გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 5 534 ადამიანია მოთავსებული, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 267.