ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი 4 გარდაცვლილიდან 1 ბავშვია, ინფორმაციას ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უდასტურებს.
ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან ბოლო რამდენიმე წუთში 3 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ცხედრები რამდენიმე წუთის ინტერვალით ამოასვენეს.
მანამდე, ნანგრევებიდან ამოასვენეს ასაკოვანი ქალის ცხედარიც.
ასევე, მაშველებმა ნანგრევებიდან ჯერ ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს. ის კლინიკაშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. შემდეგ სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, კიდევ ერთი კაცის ამოყვანა მოხერხდა, ის ცოცხალია და კლინიკაშია გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმეა.
დღეს ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს. გარდა ამისა, კორპუსის ნანგრევებიდან ჩვილი ბავშვიც გადაარჩინეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმის კორპუსის ნანგრევებში კიდევ დაახლოებით 10-15 ადამიანია მოყოლილი, თუმცა ეს ინფორმაცია დაუზუსტებელია.