logo
ENG



ბაიდენი: ისრაელში, სულ მცირე, 14 ამერიკელი მოკლეს, მძევლებს შორის ჩვენი მოქალაქეებიც არიან

10 ოქტ 202323:10
3 წუთის საკითხავი
 
ბაიდენი: ისრაელში, სულ მცირე, 14 ამერიკელი მოკლეს, მძევლებს შორის ჩვენი მოქალაქეებიც არიან

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ჰამასის თავდასხმას ისრაელში, სულ მცირე, 14 ამერიკის მოქალაქე ემსხვერპლა. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

ამასთან, ბაიდენის თქმით, ჰამასის მიერ მძევლად აყვანილ ადამიანებს შორის აშშ-ის მოქალაქეებიც არიან.

"ჩვენ ახლა ვიცით, რომ ჰამასის მძევლებს შორის ამერიკის მოქალაქეებიც არიან", - თქვა ჯო ბაიდენმა ბრიფინგზე.

ჯო ბაიდენმა დღევანდელ ბრიფინგზე დაგმო ჰამასის თავდასხმები ისრაელზე და მას "აშკარა ბოროტების აქტი" უწოდა.

***

ბოლო ინფორმაციით, ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა, დაშავებულთა რაოდენობა 3 400-ზე მეტია. ცოტა ხნის წინ, კვლავ საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა ისრაელის ქალაქებში, მათ შორის თელ-ავივში. 

7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა