აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ისრაელში 1300-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის 27 ამერიკელია.
"ისტორიამ გვასწავლა, რომ ანტისემიტიზმი, ისლამოფობია, ჰომოფობია, ტრანსფობია, ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. სიძულვილი ერთი ჯგუფის მიმართ, რომელიც უპასუხოდ რჩება, ხსნის კარს მეტი სიძულვილისთვის. ერთი კვირის წინ, ჩვენ დავინახეთ, რომ სიძულვილი სხვაგვარად გამოვლინდა ებრაელი ხალხის ჰოლოკოსტის შემდეგ, ყველაზე საშინელ ხოცვა-ჟლეტაში.
ისრაელში 1300-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 27 ამერიკელია. ჰამასმა მძევლად ასობით ადამიანი აიყვანა. უდანაშაულო პალესტინის ოჯახებს და აბსოლუტურ უმრავლესობას არაფერი აქვთ საერთო ჰამასთან. ჰამასი მათ ფარად იყენებს", - ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი.
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.