აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ პოლონეთში ჩამოვარდნილი ორი რაკეტა ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთიდან ყოფილიყო გაშვებული. ამის შესახებ მან დიდი შვიდეულის საგანგებო სხდომის წინ, ჟურნალისტებთან განაცხადა.
"არ მინდა ამის თქმა, სანამ სრულ გამოძიებას არ ჩავატარებთ, მაგრამ ტრაექტორიის თვალსაზრისით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის რუსეთიდან იყო გაშვებული, მაგრამ ვნახოთ", - თქვა ბაიდენმა.
მისივე თქმით, მსოფლიო ლიდერები შემდგომ ნაბიჯებს განსაზღვრავენ მას შემდეგ, რაც გაირკვევა, რა მოხდა.
პოლონეთი ადასტურებს, რომ მათ ტერიტორიაზე რუსული წარმოების რაკეტა ჩამოვარდა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ამბობს, რომ "15:40 საათზე პოლონეთ-უკრაინის საზღვართან, რუსული წარმოების რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც პოლონეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დაიღუპა".
შემთხვევასთან დაკავშირებით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის ელჩი დაიბარა და "მოითხოვა სასწრაფო, დეტალური განმარტებები".
რუსეთის მიერ უკრაინის მიმართულებით ნასროლი რაკეტებიდან 2 პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ლულინში ჩამოვარდა.
პოლონეთს პრემიერმინისტრმა "კრიზისული სიტუაციის გამო" უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სასწრაფო სხდომა მოიწვია.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას და ამბობს, რომ გავრცელებული ცნობები "მიზანმიმართული პროვოკაციაა ესკალაციის მიზნით".
პოლონეთმა დაადასტურა, რომ მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი და მომხდარის გამო, სამხედრო მზადყოფნის გაზრდის შესახებ განაცხადა.
მომხდარის შემდეგ, პოლონეთის პრეზიდენტია ანდჟეი დუდა NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ესაუბრა. სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი აკვირდება სიტუაციას და მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად დადგინდეს ფაქტები.