ქართუ ბანკის განცხადებით, შეასრულებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, დაიცავენ საერთაშორისო საბანკო შეზღუდვებსა და ბანკის შიდა პოლიტიკებით გათვალისწინებულ წესებს. მათ განცხადებას IPN ავრცელებს.
ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული ბანკი სარეკლამო რელიზში იმეორებს ნათია თურნავას განცხადების შინაარსს, რომ კომერციული სექტორს არ აქვს უფლება, არ დაემორჩილოს რეგულატორს, რადგან ის ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით
ბანკი ქართუ, ასევე, თავს ესხმის ნაციონალური მოძრაობას და ოპოზიციურ პარტიებს აშშ-ს მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციების გავრცელებაში ადანაშაულებს.
14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა.
18 სექტემბერს, სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა - სებ-ის განცხადების თანახმად, ფარცხალაძეს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმის გათვალისწინებით, ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა.
19 სექტემბერს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა. ცვლილების მიხედვით, სანქციები აღსრულდება საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.
ამ ცვლილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც "კონსტიტუციის დარღვევად" შეაფასა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება.
დღეს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ თურნავა უნდა გადადგეს და ბათილად უნდა გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ერთპიროვნული გადაწყვეტილება.