ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიას ვერ დააკავებს.
როგორც ბაქრაძემ სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში განაცხადა, მელიას დაკავება უკანონობა იქნება და ამასთან ერთად, მძიმე პოლიტიკური შედეგები მოჰყვება.
"იქნება სამართლებრივი პროცედურები, ეს რაღაც იწილო-ბიწილო, რომელშიც ქართულმა ოცნებამ დიდი ხანია საკუთარი თავი შეიყვანა და გამოსავალს ვეღარ პოულობენ, ისეთი ნაბიჯები გადადგეს, იძულებული არიან, გააგრძელონ და წინ წავიდნენ. დარწმუნებული ვარ, ნიკა მელიას დასაკავებლად მათ არ ეყოფათ პოლიტიკური სიმამაცე და ეყოფათ ელემენტარული გონიერება, იმიტომ, რომ ნიკა მელიას დაკავება იქნება უკანონობა, ამას ექნება ძალიან მძიმე საერთაშორისო ფასი და ძალიან მძიმე ფასი ქვეყნის შიგნით", - განაცხადა ბაქრაძემ.
კითხვაზე, რას ნიშნავს ოპოზიციური პარტიების ლიდერების დღევანდელი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ "მელიას ფიზიკურად დაიცავენ", ბაქრაძემ თქვა, რომ "იმედი აქვს, საქმე აქამდე არ მივა".
"იმედი მაქვს ფიზიკური გაწევ-გამოწევა და ჭიდაობა საჭირო არ იქნება და იმედი მაქვს, რომ საქმე აქამდე არ მივა. ვფიქრობ, ამ სცენარში, ხელისუფლება ბოლომდე ამოწურავს სამართლებრივ ბერკეტებს და იქნება ამ რაღაც სამართლებრივ აბსურდულ გაწევ-გამოწევაში და იწილო-ბიწილოში, რასაც დღეს აკეთებს. იმედი მაქვს, ფიზიკურ დაკავებამდე საქმე არც და ვერც მივა",- აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეიკრიბნენ, სადაც სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. მათ საპროტესტო აქციები დააანონსეს და ასევე განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებას გადაწყვეტს, მას ფიზიკურად დაიცავენ.
პროკურატურა ნიკა მელიასთვის გირაოს არგადახდის გამო, პატიმრობას ითხოვს. უწყებამ პარლამენტს ნებართვისთვის უკვე მიმართა. მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაზე ხვალ, 16 თებერვალს პარლამენტის საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტები იმსჯელებენ, შემდეგ კი, საკითხს კენჭისყრისთვის პლენარულ სხდომაზე გაიტანენ. უკვე ცნობილია, რომ ქართული ოცნება ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს დაუჭერს.