logo
ENG



ბაქრაძე: ევროპული საქართველო, ყოველგვარი პიარის გარეშე, ეხმარება 350 მარტოხელა მოხუცს

02 აპრ 202018:21
3 წუთის საკითხავი
 
wbyqrmn5jz5ug98.png

პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე დავით ბაქრაძე „ქართული ოცნების“ ინიციატივას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ევროპული საქართველო“ აქამდეც ეხმარებოდა და კვლავ დაეხმარება 350 ოჯახს, სადაც მარტოხელა მოხუცები ცხოვრობენ.

ბაქრაძის თქმით, ის ამავდროულად მიესალმება ყველანაირ სამოქალაქო სოლიდარობის გამოხატვის ფაქტს.

„მინდა გამოვეხმაურო „ქართული ოცნების“ წევრების ინციატივას ხელფასების 1/3-ის კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხვაზე. რა თქმა უნდა, ასეთ ვითარებაში, როდესაც ვირუსი ემუქრება ადამიანების სამუშაო ადგილებსა და ადამიანების სიცოცხლეს, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ქველმოქმედებაც და საზოგადოებრივი სოციალური სოლიდარობის ჩვენებაც.

სწორედ ამიტომ, „ევროპული საქართველო“ უკვე სამი კვირაა ეხმარება 350 გაჭირვებულ ოჯახს, ეს გახლდათ ოჯახები, სადაც  მარტოხელა მოხუცები ცხოვრობენ, ადამიანები, ვისაც ქუჩაში გასვლა არ შეუძლიათ და პროდუქტების შესაძენი სახსრები არ აქვთ.

უკვე სამი კვირაა „ევროპული საქართველოს“ მოხალისეებს, რომელთაც ლუგარის ცენტრში გაიარეს ტრენინგები, ოჯახებში მიაქვთ საკვები და პირველადი მოხმარების ნივთები. ამ დახმარების ფასი ყოვლკვირეულად გახლდათ 10-12 ათასი ლარი. ამ თანხას პარლამენტის წევრები „ევროპული საქართველოდან“ საკუთარი ხელფასებით ფარავდნენ. ჩვენ ამას გავაგრძელებთ პიარისა და საჯაროობის გარეშე. ჩვენთვის ნათელია, რომ სოციალური სოლიდარობა საჭიროებს კონკრეტულ ნაბიჯებს და ასეთ ნაბიჯებს „ევროპული საქართველო“ გადადგამს. კრიზისის ამოწურვამდე დავეხმარებით 350 ოჯახს ჩვენი სახსრებით, ჩვენი მოხალისეებით. დახმარება გაგრძელდა და თუ რომელიმე პარტია, მათ შორის მილიარდელის პარტია გადაწყვეტს, რომ ნაბიჯები გადადგას გაჭირვებული ადამიანების დახმარებისკენ, ამას დადებითად შევაფასებთ“, - განაცხადა ბაქრაძემ.

მთავრობის და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები (ჯამში 105 პირი) კორონავირუსთან ბრძოლისთვის შექმნილ ფონდში სამი თვის განმავლობაში თავიანთი ხელფასის 1/3-ს გადარიცხავენ.

ამის შესახებ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.


close დახურვა