logo
ENG



ბაქრაძე: ცესკოს გადაწყვეტილებამ საჩივრების დაუკმაყოფილებლობაზე დიალოგის პროცესი გაართულა

14 ნოე 202011:17
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების II რაუნდი იმართება. 

ოპოზიციის წარმომადგენლები ადგილზე უკვე მივიდნენ.

შეხვედრის დაწყებამდე ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ თქვა, რომ ოპოზიცია დაელოდება, რას წარმოადგენს ქართული ოცნება, თუმცა, მისი თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც ოპოზიციური პარტიების არც ერთი საჩივარი არ დაკმაყოფილდა, დიალოგის პროცესი გაართულა. 

"დაველოდებით რას წარმოადგენს ქართული ოცნება, მაგრამ დიალოგის პროცესი ძალიან გაართულა ცესკო-ს მიერ გუშინ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომელიც მიღებული იქნა ვადების დაჩქარებით, ოპოზიციისთვის სასამართლოს უფლების წართმევით და კანონის პირდაპირი დარღვევით. ეს არის რეალური პასუხი ხელისუფლების მხრიდან, აქ მიმდინარე დიალოგზე, სიტუაციის დეესკალაციის მცდელობაზე, ისედაც რთული დიალოგის პროცესი უფრო გართულდა, დანარჩენს დაველოდოთ და შევხედოთ. შევდივართ იმ განწყობით, რომ გამოსავალი მოვძებნოთ და ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან. რამდენად მზად არის ხელისუფლება ამ ფონზე გადადგას ნაბიჯი კრიზისიდან გამოსასვლელად, ვნახავთ. თუმცა, ისედაც რთული პროცესი კიდევ უფრო გაართულა ცესკოს გუშინდელმა გადაწყვეტილებამ, რომელმაც კიდევ უფრო დაკეტა კარი შედეგების გადასინჯვისთვის". - თქვა მან. 

13 ნოემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციური პარტიების ასობით საარჩევნო საჩივრიდან არც ერთი არ დააკმაყოფილა. ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ არ არსებობს საფუძველი რომელიმე საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. 

რაც შეეხება დიალოგს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში - მისი პირველი რაუნდი 12 ნოემბერს გაიმართა. შეხვედრაში  ოპოზიციური პარტიების და ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობენ, აშშ-ის და ევროკავშირის ელჩის შუამავლობით. 

ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. როგორც ოპოზიციის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების დაკვირვებით, არჩევნების გაყალბების მასშტაბი იმდენად დიდია, რომ ის მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა არჩევნების შედეგებზე. 

ოპოზიცია ითხოვს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ისევე, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. 

ამ მოთხოვნით უკვე 2 საპროტესტო აქციაც გაიმართა. მათგან ერთი, ქართული ოცნების ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც მომიტინგეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ. მორიგი საპროტესტო აქცია დღეს14 ნოემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან იგეგმება. 


close დახურვა