logo
ENG



ბაჩალიაშვილის დედა: წერილი, სავარაუდოდ, დააწერინეს, ფულს სწავლისთვის აგროვებდა

06 აგვ 202016:53
3 წუთის საკითხავი
 

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი მიიჩნევს, რომ წერილი, რომელშიც წერია, რომ ანგარიშზე არსებული თანხის გამოყენება შეუძლიათ, მის შვილს დააწერინეს. 

როგორც თამაზაშვილმა აღნიშნა, მისი შვილი არ დაწერდა წერილს თავისი გადაწყვეტილებით. 

"წერილი, სავარაუდოდ, იმათ დააწერინეს, ეს მზაკვრული გეგმა იყო. ეს ერთ და ორ დღეში არ ყოფილა, ხდებოდა თვეების განმავლობაში, ამ მზაკვრული გეგმის შემუშავება. ისიც იყო გამოკვლეული, ჰქონდა თუ არა ჩემ შვილს ანგარიშზე თანხა. სავარაუდოდ, დააწერინეს. რამე რომ შემთხვეოდა, ოჯახი ისედაც გამოვიყენებდით თანხას, არ დაწერდა", - ამბობს თამაზაშვილი. 

თამაზაშვილის თქმით, თანხას რომელიც ანგარიშზე იდო, მისი შვილი საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებისთვის აგროვებდა. 

"ZAG-ის წარმომადგენელმა მითხრა, რომ ჩემი შვილი ისეთ სამუშაოს ასრულებდა, რომ საზღვარგარეთ ასეთი სამსახური უფრო ძვირი ღირს, ვიდრე აქ. მაგრამ აქაურობისთვის ნორმალური თანხაა. ჩემ შვილს არაფერში ვახარჯინებდი ფულს და მარტო პირადი ცხოვრებისთვის იყენებდა თანხას. დანარჩენ ფულს აგროვებდა, რადგან ევროპაში მაგისტრატურის გავლა უნდოდა", - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა. 

ბაჩალიაშვილის ოჯახი გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს შეხვდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა და ცოტა ხნის წინ დასრულდა. 

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე უკანასკნელ ორ დღეში მეორე განცხადებას ავრცელებს. უწყების მტკიცებით, შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი ფურცელი წარწერით - "ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ" - ნამდვილად თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის და წარწერაც მის მიერ არის შესრულებული. 


close დახურვა