logo
ENG



ბევრი ელაპარაკნენ, მაგრამ ვერაფერი გაიგო - თარხნიშვილი კობახიძის განცხადებაზე

15 თებ 202012:22
3 წუთის საკითხავი
 

 

ოპოზიციაში აფასებენ პარლამენტის ყოფილი თავჯდომარის განცხადებას, რომელიც მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ლევან თარხნიშვილი კობახიძის განცხადებას ცინიკურს უწოდებს და აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლების წარმომადგენლებთან ლაპარაკის მიუხედავად, მათ ვერაფერი გაიგეს.

„მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ელაპარაკნენ, ამ ადამიანებმა ვერაფერი გაიგეს. ვერაფერი გაიგეს, რა არის დემოკრატია, რა არის დემოკრატიის არსი, რომ საჭიროა ოპოზიცია. ასევე ვერ გაიგეს, რა არის სოციალური კვლევები და ვერ გაითავისეს რა მდგომარეობაში არიან თვითონ. ნამდვილად არ არიან იმ მდგომარეობაში, რომ ვიღაცას რაღაცა მოთხოვონ, ნამდვილად არ არიან იმ მდგომარეობაში, რომ ცინიკური განცხადებები აკეთონ და ნამდვილად არ არიან იმ მდგომარეობაში, რომ ვიღაცის სიძლიერე და სისუსტე შეაფასონ“, - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

„ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ წევრის, გიგლა ბარამიძის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ ქართული საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და ისინი დააჯერონ, რომ მათი წარუმატებელი მოლაპარაკება ოპოზიციის ბრალია.

„ქართული ოცნების ეს კულულებიანი საოცრება მორიგ პოლიტიკურ სიბრიყვეს იტყვის და ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთებაც არ შეიძლება. ის და კალაძე მიუნხენის აეროპორტიდან ამტკიცებდნენ, რომ თითქოს მათი ყველანაირი წარუმატებლობა კონგრესმენებთან  შეხვედრისას თუ ევროპარლამენტარებთან შეხვედრისას, იყო ქართული ოპოზიცია ეს არის მორიგი ქართული ოცნების ზოგიერთი წარმომადგენლის უვიცობის არაპროფესიონალიზმის და სისულელის კლასიკური დადასტურება“, - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტის ყოფილმა თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ევროპარლამენტარებთან  შეხვედრაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დასავლელმა პარტნიორებმა იციან - ხელისუფლება ძლიერია, ამიტომ მათი თხოვნაა, რომ ცუდი და სუსტი ოპოზიცია როგორმე შეინარჩუნონ. 

 

 

 


close დახურვა