logo
ENG



ბენიძე უმრავლესობის საარჩევნო შეთავაზებაზე: ეს ინიციატივა არაა კონსტიტუციური

20 დეკ 201918:01
3 წუთის საკითხავი
 
rlpg191yvqjcb10.jpg

არასამთავრობო ორგანიზაციებმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ დღევანდელი შეთავაზებით მმართველმა გუნდმა დაადასტურა, რომ 2024 წლისთვისაც კი არ უნდათ სრულ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა.

როგორც "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ განაცხადა, თუ მმართველ გუნდს გონია, რომ ექნება საკონსტიტუციო ცვლილებების რესურსი, მაშინ უმჯობესია მუშაობა იქნას მიმართული პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე.

„აღნიშნულ შეთავაზებას, მართალია „ოცნება“ უწოდებს ოპტიმალურ გადაწყვეტილებას, მაგრამ ამ შეთავაზებით მმართველი გუნდი უფრო შორს წავიდა და დაადასტურა სურვილი, რომ მათ 2024 წლისთვისაც კი არ უნდათ სრულ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და უნდათ მიღებული ინიციატივა გააუქმონ. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება იწვევს უკვე არსებული კონსესუსი ვარიანტის ვითარების გაუარესებას. შესაბამისად, სრულიად მიუღებელია ამ ინიციატივის შემოთავაზება. ეს ინიციატივა არაა კონსტიტუციური.

თუ მმართველ გუნდს გონია, რომ ექნება საკონსტიტუციო ცვლილებების რესურსი, მაშინ უმჯობესია მუშაობა იქნას მიმართული პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე, რაზეც მთელი ქვეყანა თანხმდება ან თუნდაც თუ აქვთ შესაძლებლობა, მაშინ ე.წ. გერმანულ მოდელზე უნდა მოხდეს კონცენტრირება. ფაქტია, მათი ლოგიკა არა თანმიმდევრულია. ხელისუფლებას სურს ისეთ საარჩევნო სისტემაზე დათანხმება, რომელიც მათ ძალაუფლების შესანარჩუნებლად მეტ შანს დაუტოვებს. გამოდის, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდება იყო მთლიანად „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება. შესაბამისად, დღევანდელი გადაწყვეტილება იყო ცინიკური“, - განაცხადა "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (IFED) აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.

შეგახსენებთ, რომ უმრავლესობა საარჩევნო სისტემაზე საკუთარი კომპრომისულ ვარიანტს ასაჯაროებს. მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ კონკრეტულ გეგმაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ოპოზიციას შერეული სისტემის შენარჩუნებას სთავაზობს, თუმცა გაზრდილი იქნება პროპორციული მანდატების რაოდენობა, მაჟორიტარულის კი შემცირდება. 

„ამ ინიციატივაზე შეთანხმების შემთხვევაში პროპორციული წესით ავირჩევთ 100 დეპუტატს, ნაცვლად 77, ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-მდე შემცირდება. შესაბამისად იქნება 100 პროპორციული მანდატი მომავალ პარლამენტი და იქნება 50 მაჟორიტარული მანდატი“, - განაცხადა თალაკვაძემ.


close დახურვა