ეკა ბესელია დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას მოითხოვს - მისი თქმით, ამ კომისიამ უნდა გააკონტროლოს მთავრობის ქმედებები საგანგებო მდგომარეობის დროს.
პარტიამ „სამართლიანობითვის" კორონავირუსის წინააღმდეგ გასატარებელი აუცილებელი ღონისძიებების შესახებ საკუთარი ხედვები საზოგადოებას გააცნო.
პარტიის თავმჯდომარის, ეკა ბესელიასა და პოლიტიკური საბჭოს წევრების თქმით, მათი სტრატეგია ძირითადად ჯანდაცვის, ეკონომიკისა და საპარლამენტო კონტროლის საკითხებს მოიცავს.
„შეიქმნას დროებითი საპარლამენტო კომისია, რომელიც გააკონტროლებს მთავრობის მოქმედებებს. როგორც იცით, საგანგებო მდგომარეობა არის ადამიანის უფლებათა კონვენციიდან დროებითი გადახვევა და ეს რისკებს აჩენს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.
საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.