logo
ENG



ბესლანის ტერაქტიდან 18 წელი გავიდა

01 სექ 202200:53
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/01/bkezxyjp9rx8vr7.jpg

ბესლანის ტერაქტიდან 18 წელი გავიდა. 

2004 წლის 1-ლ სექტემბერს 32-მა შეიარაღებულმა პირმა ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანის N1 სკოლაში 1128 მეტი ადამიანი, უმეტესად ბავშვები მძევლად აიყვანეს. 

ტყვეობა 52 საათს გაგრძელდა. თავდამსხმელებმა მოკლეს 20-მდე მძევალი. 

დატყვევებულებს არ ჰქონდათ საკვები და წყალი. 

ექსტრემისტებმა ჩეჩნეთიდან რუსული ძალების გასვლა მოითხოვეს. რუსეთმა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და საპასუხოდ 3 სექტემბერს სკოლაზე შტურმი დაიწყო. 

შეტაკების შედეგად დაიღუპა 314 მძევალი, მათ შორის, 186 ბავშვი. დაიჭრა 700-ზე მეტი ადამიანი. 

32 თავდამსხმელიდან მოკლეს 31. ცოცხლად გადარჩენილ ტერორისტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. 

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჩეჩენმა ექსტრემისტმა, შამილ ბასაევმა აიღო. 

ამასთან, ასობით ადამიანის სასტიკად მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. 

რუსმა დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა და ადამიანის უფლებათა მოძრაობის აქტივისტებმა განაცხადეს, რომ კრემლმა საზოგადოება მოატყუა, როცა ამტკიცებდა, თითქოს ჩეჩნებს არ ჰქონდათ არანაირი მოთხოვნა და არც მოლაპარაკებაზე წამოსულან მძევალთა გასათავისუფლებლად. 

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მოსკოვმა უარი თქვა მოლაპარაკებაზე ჩეჩენ მოიერიშეებთან, რომლებიც ჩეჩნეთიდან ჯარის გაყვანას მოითხოვდნენ.

გაზეთ "იზვესტიისათვის" 25 აგვისტოს მიცემულ ინტერვიუში, ჩრდილოეთ ოსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ზასოხოვმა განაცხადა, რომ რუსეთის უშიშროების უწყების წარმომადგენლები დაპატიმრებით დაემუქრნენ, თუ იგი ბესლანის სკოლაში მივიდოდა და ჩეჩენ მოიერიშეებს დაელაპარაკებოდა. 

კრემლმა ასლან მასხადოვის მიერ შეთავაზებული შუამავლობაც უარყო, ხოლო შემდეგ მისი რამდენიმე ნათესავი დააპატიმრა.

2017 წლის 4 აპრილს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ბესლანის ტერაქტის საკითხზე გადაწყვეტილება გამოიტანა და რუსეთს დაღუპულთა ოჯახებისთვის 3.2 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. 

სასამართლომ განაცხადა, რომ რუსეთს ჰქონდა "სერიოზული ხარვეზები" თავდასხმის საპასუხოდ, რამაც ხელი შეუწყო მსხვერპლს მძევალთა შორის. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ რუსეთმა საკმარისად არ იმოქმედა თავდასხმის აღსაკვეთად, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა საკმაოდ კონკრეტული ინფორმაცია დაგეგმილი ტერაქტის შესახებ". 


close დახურვა