logo
ENG



ბილეთები იქნება ფასიანი, მაგრამ ხელმისაწვდომი - თურნავა უცხოეთიდან მოქალაქეების ჩამოყვანაზე

18 მარ 202015:48
3 წუთის საკითხავი
 
7ywpxl3vh5xtfqx.jpg

ნათია თურნავამ ისაუბრა სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესთან თანამშრომლობაზე - მინისტრის თქმით, საკარანტინო სივრცეები მოწყობილია სასტუმროებში და ბიზნესის თავისი ნებით მოდის მსგავს თანამშრომლობაზე. მისივე განცხადებით, სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს ტურიზმისა და საავიაციო ბიზნესის მიმართ, რადგან ეს ბიზნესები ყველაზე მეტად დაზარალდნენ.

„თქვენ იცით, რომ ვირუსთან ბრძოლის მთავარი ნაწილია პრევენცია - ესაა წინაპირობა იმისა, რომ სწრაფად დავძლიოთ გამოწვევა. აქედან გამომდინარე, ყველა ზომას მივმართავთ იქითკენ, რომ ღონისძიებები განხორციელდეს შეუფერხებლად. ბევრი სასტუმრო მოდის თანამშრომლობაზე - უსაფრთხოდ ხდება კარანტინის ორგანიზება. იქ, სადაც საქმე ეხება მოქალაქეების უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას, არ გვენანება თანხა. ეს არის აუცილებელი შენატანი, რათა მოქალაქეები იყვნენ დაცულები. ხედავთ, რომ სახელმწიფო მიდის ბიზნესის უპრეცედენტო დახმარებაზე - ესაა ტურიზმი და ავიაცია, ვინც დიდი ზარალი ნახა. ამ საკითხში ერთიანები ვართ - სადაც საქმე ეხება მოქალაქეების ჩამოყვანას, ჩვენ ყველა საჭირო დახმარებას გავწევთ. ესაა არა რომელიმე კონკრეტული კომპანიის დახმარება, არამედ მოქალაქეების დახმარებაზე. ეს კომერციული რეისები რომ იყოს მდგრადი, ჩვენ გარკვეულ თანამონაწილეობას გავიღებთ და შევავსებთ. ბილეთები იქნება ფასიანი, მაგრამ ამ თანამონაწილეობის შედეგად დაიკლებს და იქნება ხელმისაწვდომი", - ამბობს თურნავა.

ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა გიორგი გახარიას განცხადებაზე - მისი თქმით, მცირეა იმ ბიზნესების სია, ვინც კრიზისულ სიტუაციაში ხელოვნურად ზრდის სერვისებზე და პროდუქციაზე ფასებს. თუმცა, თურნავას განცხადებით, სახელმწიფო ამის მონიტორინგსაც აწარმოებს.

„პრემიერმა გააკეთა განცხადება ამაზე - მას არ დაუდასტურებია კონკრეტული ბიზნესები. ესაა ერთეული ფაქტები, ბიზნესი პასუხისმგებლობით ეკიდება საკითხს და თანამშრომლობს, ეს ეხება ყველას. თუკი ასეთი ფაქტები გამოვლინდება, ამას მკაცრ მონიტორინგს გავუწევთ. აქ საუბარია ფასების მატებაზე. ჩვენ ამას ვაკონტროლებთ სამართლებრივი ბერკეტებით - შექმნილია ჯგუფები, ხდება მონიტორინგი. მთავარია, რომ დავინახოთ შედეგი", - აცხადებს მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ გაიმართა საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა ეკონომიკურ გუნდთან, სადაც იმსჯელეს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე.


close დახურვა