ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილისნაირი ფიგურის პარლამენტში შესვლა ერთპარტიულობას კი არ გააქარწყლებს, ხაზს გაუსვამს. ასე გამოეხმაურა ის ელისაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ თუ ხელისუფლებასთან საარჩევნო რეფორმაზე მისთვის მისაღები შეთანხმება შედგება, პარლამენტში შევა.
როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, შთაბეჭდილება იქმნება, რომ ელისაშვილი პარლამენტში შესასვლელად საბაბს ეძებს, თან ძალიან სამარცხვინო ფორმით.
"ჩვენ არასდროს მისთვის არაფერი დაგვიბრალებია, ეს არის სიცრუე მრავალ სიცრუეს შორის, რაც მან იკადრა ადრეც და ახლაც. არაფერი არ დაგვიბრალებია იმიტომ, რომ ჩვენთვის ამ ვითარებაში მიზანი ის კი არ იყო, რომ ვინმე მოქცეულიყო სამარცხვინოდ და მერე იმისთვის ტალახი გვესროლა, იქამდე ან მერე, არამედ, სასურველი იყო, რომ ელისაშვილიც კი რასაც წარმოადგენს, ასეთი ადამიანიც კი, რახან ოპოზიციაში არის ფორმალურად მაინც, ჯერჯერობით, მაინც, აქ ყოფილიყო ერთიანობა", - განაცხადა ბოკერიამ.
ის ამბობს, რომ ელისაშვილისგანაც კი სასურველი იყო, რომ ბოიკოტის რეჟიმი შენარჩუნებულიყო.
"სამწუხაროა ყველა შემთხვევაში. ვინც არ უნდა ყოფილიყო, ელისაშვილის ჩათვლითაც კი, და ეს ძალიან დაბალი საზომია ჩემთვის, მაინც სასურველი იყო, შენარჩუნებულიყო ბოიკოტი, ახლაც სასურველია. ამ სამარცხვინო საქციელის ფონზეც კი, მისგანაც კი სასურველია. ამ საბაბით ელისაშვილისნაირი ფიგურის შესვლა ივანიშვილს პოლიტიკური იზოლაციისგან ვერ გადაარჩენს, მაინც ერთპარტიული იქნება ეს პარლამენტი, ყველა შემთხვევაში. ეს ერთპარტიულობას კი არ გააქარწყლებს, ხაზს გაუსვამს", - აღნიშნა ბოკერიამ.
ელისაშვილმა დღეს, 9 დეკემბერს გიგა ბოკერიას და გიგი უგულავას მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობასა და საბოტაჟში დაადანაშაულა. ელისაშვილის მტკიცებით, ისინი ფასილიტატორებთან შეხვედრებზე მხოლოდ იმისთვის დადიან, რომ დეტალები გამოიტანონ და "ყველაფერი აურიონ". გარდა ამისა, ელისაშვილმა განაცხადა, რომ თუ ხელისუფლებასთან საარჩევნო რეფორმაზე მისთვის მისაღები შეთანხმება შედგება, პარლამენტში შევა.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ გუშინ, 8 დეკემბერს, ხელისუფლებასთან შეხვედრიდან გამოსული ელისაშვილი ამბობდა, რომ პარლამენტში არ შედის.
ელისაშვილი პირველია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შორის, ვინც ღიად თქვა, რომ მისთვის მისაღები საარჩევნო რეფორმის სანაცვლოდ პარლამენტში შევა. სხვა პარტიები ამ დრომდე საჯაროდ კვლავ ბოიკოტს ემხრობიან იმ შემთხვევაში, თუ ყველასთვის მისაღები შეთანხმება არ შედგა. პარტიების უმრავლესობა შეთანხმების ნაწილად განიხილავს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და რიგგარეშე არჩევნების ან პლებისციტის დანიშვნას. ამ ეტაპზე ხელისუფლება არც ერთი ამ მოთხოვნის შესრულებას არ განიხილავს. საარჩევნო რეფორმა მოთხოვნების კიდევ ერთი ნაწილია - აქ მმართველი გუნდი ამბობს, რომ შეთანხმების მეტი სივრცეა.
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე კი 2 დღე რჩება. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით პარლამენტი 11 დეკემბერს, 12:00 სთ-ზე შეიკრიბება.
ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. ხელისუფლება საპირისპიროს იმედოვნებს. მხარეებს შორის, ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით, შეხვედრები მიმდინარეობს.