მოვუწოდებთ ბიძინა ივანიშვილს, დროზე მოეგოს გონს და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პირველ კენჭისყრამდე, პირობა შეასრულოს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ბოკერიამ აღნიშნა, თუ მმართველი გუნდი დაპატიმრებულ პოლიტიკოსებს არ გაათავისუფლებს, საზოგადოებისგან და სტრატეგიული პარტნიორებისგან მძიმე დარტყმას მიიღებს.
„მესმის, რომ ეს სრული უტიფრობა და აბსურდები არის ივანიშვილის სტილი, ნებისმიერი რამის მთქმელები არიან. თავისთავად პოლიტიკური ცხოვრებისთვის კატასტროფაა, როდესაც ასეთი უტიფრობა და თავმოყვარეობაზე უარის თქმა ხდება, რასაც თალაკვაძე და დანარჩენები აკეთებენ, ეს არ გვიკვირს. ამ შემთხვევაში, მთავარია ქვეყნის ინტერესი, ამიტომ მოვუწოდებთ ივანიშვილს, დროზე მოეგოს გონს და პირველ კენჭისყრამდე ეს პირობა [პოლიტპატიმრების გათავისუფლება] შეასრულოს. თუ ამას არ გააკეთებს, ქართულ საზოგადოებასთან ერთად, ყველა სტრატეგიული პარტნიორისგან უმძიმეს დარტყმას მიიღებს. ეს არის ის ვითარება, რაც მაშინაც იყო და ახლაცაა. თუ ივანიშვილის ჰგონია, რომ პანდემიის გამოწვევის გამო შეიცვალა რამე, ცდება. როცა რაღაცას დაჰპირდები, უნდა შეასრულო. ამ პირობებში საარჩევნო ვითარება იქნება არანორმალური, რაც ქვეყნისთვის კარგი არაა, მაგრამ ვერ იხსნის ივანიშვილის მაინც, პირიქით უფრო მძიმე ხვედრს უქადის. ასე რომ დროზე მოეგოს გონს და ამ უტიფარ სპექტაკლებს თავი დაანებოს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ თუ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისრება. მანვე აღნიშნა, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსების გათავისუფლებასთან დაკავშირებით 8 მარტის შეთანხმებაში არაფერი წერია.