logo
ENG



ბოკერია გაბუნიას საქმეზე: სალომე ზურაბიშვილმა სრულიად სამარცხვინო განცხადება გააკეთა

17 ივნ 202021:29
3 წუთის საკითხავი
 

„ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქმეზე სამარცხვინო განცხადება გააკეთა.

ბოკერიას თქმით, არსებობს მტკიცებულებები, რომ კადიროვი საზარელი მკვლელობების ინსტრუმენტია.

„მინდა გამოვყო პრეზიდენტ ზურაბიშვილის სამარცხვინო განცხადება, სადაც მან თქვა სრულიად უაზრობა - მე ვერ ვრიაგირებ ვერაფერზე,  მე ამ ქვეყნის პრეზიდენტი ვარო. გამოძიება არ დამთავრებულა და კადიროვის განცხადებაზე ვერ ვირეაგირებო. რა შუაშია გამოძიება? ამ ტიპის განცხადება პირდაპირი მუქარაა შენი ქვეყნის მოქალაქეზე, ამ შემთხვევაში ჟურნალისტზე. არ აქვს მნიშვნელობა რა თქვა მან. მტკიცებულებები არსებობს, რომ კადიროვი საზარელი მკვლელობების ინსტრუმენტია. რატომ შეიძლება ამაზე კომენტარი მოგერიდოს? პოლიტიკაზე მაღლა მდგომი პრეზიდენტი ვარო. შიდა ამბებში ლანძღვას არ ერიდება და ამ შემთხვევაში კომენტარს მოერიდა? ეს არის უმძიმესი სურათი“, - აღნიშნა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, 15 ივნისს, „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა და ის საქართველოში სავარაუდოდ, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ფორმულას" ინფორმაცია დაადასტურა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მოქალაქე ვ.ბ. შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

საქმეს თავად ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვიც გამოეხმაურა. მან გიორგი გაბუნიასგან დაჩოქება და ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

გიორგი გაბუნიას შესაძლო მკვლელობის მცდელობის ორგანიზებასთან დაკავშირებით ბრალდებებს დღეს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უპასუხა. მან აღნიშნა, რომ საქართველოში გაჟღერებული ბრალდებები უსაფუძვლოა.

ამავე თემაზე: ჩეჩენი ბლოგერი ტუმსო აბდურაჰმანოვი, რომლის ლიკვიდაცია რამზან კადიროვს სურდა, „ფორმულასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გიორგი გაბუნიას საქმეზე საუბრობს და ამბობს, რომ პუტინის თანხმობის გარეშე ამას ვერავინ გაბედავდა. 

ზურაბიშვილის განცხადებასალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის თანამდებობა არ აძლევს უფლებას, სხვა ქვეყანა დაადანაშაულოს გიორგი გაბუნიას ლიკვიდირების შესაძლო დაგეგმვაში. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ის დაელოდება გამოძიების შედეგებს, რადგან ბევრი კითხვა არსებობს, და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებს კომენტარს.   


close დახურვა