logo
ENG



ბოკერია ევროკავშირის მედიატორთა ჯგუფზე: მათ აქვთ ხედვა და არა პოლიტიკური პრეფერენციები

06 მარ 202112:42
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მედიატორთა ჯგუფის ჩამოყალიბებას ეხმაურება და ამბობს, რომ შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში პარტნიორების ჩართულობა მნიშნელოვანია.

გიგა ბოკერიას თქმით, ქართულმა ოცნებამ სწორად უნდა გაიგოს პარტნიორებისგან მომდინარე სიგნალები.

„ეს ხალხი არიან მორალური და პრაგმატული პოზიციიდან გამომდინარე საქართველოს მხარდამჭერები, მათ პოზიციას მნიშვნელობა აქვს. ამ ხალხს აქვს ხედვა და არა პოლიტიკური პრეფერენციები. ამას უპასუხიმგებლობაზე ბევრად მეტი ჰქვია, თუკი ქვეყანას ჰყავს მთავრობა, რომელიც ამას დააიგნორებს", - ამბობს გიგა ბოკერია.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის გაბრიელიუს ლანდსბერგისის ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები "მედიატორთა ჯგუფის" შექმნას აპირებენ, რათა საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში დაეხმარონ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციის დიდი ნაწილი ბოიკოტის რეჟიმშია. ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. მათი მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი ადმინისტრაციის პირობებში ახალი არჩევნებია. ვადამდელ არჩევნებზე კატეგორიულ უარს ამბობს მმართველი გუნდი. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების 4 რაუნდი გაიმართა.

პოლიტიკური კრიზისი განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალა. მელიას დაკავების საკითხზე გუნდში არსებული უთანხმოების გამო პრემიერმინისტრის პოსტი გიორგი გახარიამ დატოვა, ქართულმა ოცნებამ კი ამ თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილი დააბრუნა. ღარიბაშვილის დანიშვნიდან რამდენიმე საათში სპეცრაზმი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შეიჭრა და მელია დააკავა. 

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით 1 მარტს კიდევ ერთი შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე მიშელმა განსახილველად ჩარჩო საკითხები მიიტანა.


close დახურვა