ევროპული საქართველოს ლიდერები გიგა ბოკერია და გიგი წერეთელი ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ბოკერიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი სკეპტიციზმი არ შეცვლილა და პირიქით, გამყარდა, რადგან "პროცესი არ უკავშირდება დაძაბულბულობის განმუხტვას".
"არ შეცვლილა არანაირი სკეპტიციზმი, პირიქით კიდევ თუ სჭირდებოდა გამყარება, გამყარდა იმიტომ რომ ეს პროცესი არ უკავშირდება და ვერც უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვას. ეს მოსალოდნელიც იყო ჩვენთვის. მადლობელი ვარ პრეზიდენტის მხრიდან მოწვევის, მისი იდეების, რომ მიდიოდეს თანხმობაზე მუშაობა, მაგრამ სანამ ეს უფსკრული ღრმავდება ივანიშვილის რეჟიმის ნაბიჯების გამო, ამ პროცესის განმუხტვა თუ არ მოხდა, ჩემი აზრით რაიმე ზოგადად სხვა ტიპის ისტორიულ საკითხებზეც თანხმობა გაჭირდება და ეს პროცესი საერთოდ არ უკავშირდება ამ ამბავს", - თქვა ბოკერიამ.
როგორც მან აღნიშნა, საკითხთან დაკავშიერბით პრეზიდენტის რიტორიკა მისაღებია, თუმცა "არანაირად არაა დაკავშირებული იმასთან, ვისაც დღეს ძალაუფლება აქვს".
"ძალიან მიკვირს იმათი, ვინც ისეთი ტიპის განცხადებები გააკეთა, რითიც იმედი გაუჩინა საზოგადოებას, რომ რაღაც ისეთი პროცესი დაიწყო, რომელიც ახლა ამ კატასტროფიდან გამოგვიყვანს, სადაც არის ქვეყანა ამ წამს. მე თუ სწორად გავიგე, ეს არის გრძელვადიანი პროცესი დისკუსიის დიდ, მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც თავისთავად სწორი პოზიციაა. რიტორიკაც, რაც მოვისმინეთ პრეზიდენტისგან ჩემთვის მისაღებია, ოღონდ ეს არანაირად არ არის დაკავშირებული იმასთან, ვისაც დღეს ძალაუფლება აქვს. მათი სურვილის გარეშე რომ რამე შეიცვალოს, შეუძლებელია, თუ მათი იძულება არ მოხდა, ხოლო ეს იძულება უნდა მოხდეს საზოგადოებაში ცვლილებით", - ამბობს ბოკერია.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს სახელით წარსდგა და თქვა, რომ პოლარიზაციის და სიძულვილის დაძლევა აუცილებელია და როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს საუბარს ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად.
ამის შემდეგ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წინასაახალწლო მიღებაზე პარტიებს "ეროვნული თანხმობის" მიღწევის მისი ხედვა გააცნო.
რამდენიმე დღეა სალომე ზურაბიშვილი მართავს ინდივიდუალურ შეხვედრებს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან.