ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის ნათქვამს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც კობახიძე "არ გამორიცხავს", რომ სერგეი გავრილოვი, ენმ და ევროპული საქართველო ერთად მოქმედებდნენ და აცხადებს, რომ კობახიძე ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებლად, აბსურდულად ბოდავს.
ბოკერიას თქმით, გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლის ამბავი წინასწარ იყო ცნობილი და მმართველ გუნდს არა ერთხელ მოუწოდეს, რომ რუსი დეპუტატი ქვეყანაში არ ჩამოეშვათ.
"აბსურდული, სუფთა საბჭოთა ჭაობის სტილში, ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელია, რომ სისულელეს საზღვარი არ აქვს. ისეთი ბოდვაა, რომ თითქოს, წამგებიანია, მაგრამ უბრალოდ, მათი პროპაგანდის ნიაღვარის ხარჯზე ჯერჯერობით გააქვს. გავრილოვის ამბავზე დღეების განმავლობაში იყო საჯარო დისკუსია, ეს ხომ წინასწარ იყო ცნობილი. საჯაროდ მოვუწოდეთ ჩვენ, არ ჩამოუშვათო, დაგეგმილი გვქონდა, რომ ჯერ საჯაროდ და მერე არასაჯაროდ წნეხი განგვეხორციელებინა, რომ ეს არ დაგვეშვა. ბატონ კობახიძესაც, ამ პოლიტიკურ არარაობას და კლოუნს, წარმოდგენა აქვს, რომ ესე კეთდება ძალაუფლების შენარჩუნება, როგორ სიბრიყვესაც ეგ ლაპარაკობს", - განაცხადა ბოკერიამ.
ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე "არ გამორიცხავს", რომ 20 ივნისს გავრილოვი, რუსეთი, ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა ერთად მოქმედებდნენ. ამის შესახებ კობახიძემ პალიტრანიუსის წამყვანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამის თქმის საფუძველს აძლევს სტამბიდან მიღებული ინფორმაცია, რომ ოპოზიციამ 10 დღით ადრე დაბეჭდა ტრანსფარანტები.
კითხვაზე, ჩატარდა თუ არა ამაზე გამოძიება, კობახიძე პასუხობს, რომ მას გამოძიებისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია და ვერც ოპოზიციას დააბრალებს, რომ გინდა თუ არა, იცოდა. მისი თქმით, შესაძლოა, მათ რისკები გათვალეს.
2019 წლის 20 ივნისს რუსი კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში ეწვია და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა. ამას მასშტაბური პროტესტი მოჰყვა, მრავალათასიანი საპროტესტო აქცია ხელისუფლებამ ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაარბია.