გიგა ბოკერია "ტვ პირველთან" სტუმრობისას მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, თითქოს ევროპულ საქართველოსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის საერთო სიაზე შეთანხმება მიმდინარეობდა, იაფფასიან სვლას უწოდებს.
ბოკერიას თქმით, სააკაშვილი თავის დროზე საერთო სიის შეთავაზებით, მაჟორიტარებზე მოლაპარაკებების ჩაშლის გადაფარვას ცდილობდა, დღევანდელი განცხადებით კი კონსპირაციის შექმნას ცდილობს, რათა საზოგადოებას გაუჩნდეს აზრი, თითქოს აქტიურად მიმდინარე მოლაპარაკებები ევროპული საქართველოს გამო ჩაიშალა.
მისი თქმით, სააკაშვილის ერთადერთი შეთავაზება, საერთო სიის ფორმირების შესახებ, საჯარო იყო და მას საჯარო უარითვე უპასუხა ევროპულმა საქართველომ.
"ეს ყველაფერი ხდებოდა საჯაროდ და ევროპული საქართველოს პოზიცია იყო ყოველთვის საჯარო. რა მოლაპარაკებების პირველი და მეორე ეტაპი? ერთი პროცესის ნაწილი იყო ეს ყველაფერი.
სააკაშვილის და მთელი მისი გარემოცვის ეს შემოთავაზება იყო ჩვეულებრივი იაფფასიანი სვლა, რომ რადგან მაჟორიტარების კოორდინაციაზე ჩაშალეს მოლაპარაკება, ამის პარალელურად, ეს იდეა შემოაგდეს, სწორედ იმისთვის, რომ მედიის ნაწილის მოკლე მეხსიერების გამო შექმნილიყო რაღაც ტიპის კონსპირაციის თეორია, თითქოს რაღაც უნდა მომხდარიყო და არ მოხდა", - ამბობს ხობში, ფოთსა და სენაკში ევროპული საქართველოს მაჟორიტარი კანდიდატი.
ბოკერიას თქმით, ევროპული საქართველო თავიდანვე პრინციპულად ეწინააღმდეგებოდა არჩევნებზე მონაწილეობის საერთო სიით მიღებას, შესაბამისად ამ საკითხზე მოლაპარაკებები თანამდებობების გადანაწილებამდე ვერც მივიდოდა.
"იმ სისულელეს, რომ იძახის, ჩემს პრემიერობაზე უარს ვიძახდიო, თუ უარს იძახდა, ახლაც უარი ეთქვა. რა განსხვავებაა? მერე ხომ შეთანხმებას უნდა მიაღწიოს პარტიებთან? მისი პრემიერობის საკითხი განხილულიც კი ვერ იქნებოდა ჩვენთან ვერც ერთ ეტაპზე იმიტომ, რომ საწყისივე წერტილი, რომ მომხდარიყო ორივე პარტიის გაერთიანება, იყო მიუღებელი და ეს ვთქვით არაერთხელ საჯაროდ", - ამბობს ბოკერია.
მიხეილ სააკაშვილმა საერთო სიის და თანამდებობების გადანაწილების შესახებ ორ პარტიას შორის მოლაპარაკებებზე განცხადება დღეს გააკეთა. მან თქვა, რომ ევროპულ საქართველოს ნაციონალურმა მოძრაობამ ერთიან სიაზე შეთანხმება შესთავაზა, რომლის ფარგლებშიც პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე დაიკავებდა, პრემიერ-მინისტრის კანდიდატზე შეთანხმება კი ცალკე მოხდებოდა.
სააკაშვილის თქმით, ამ მოლაპარაკებების ფარგლებში პრემიერ-მინისტრის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელებაზე უარს იტყოდა.
სააკაშვილის ამ განცხადებას გამოეხმაურნენ თავად პარტია ევროპულ საქართველოში.
"ეს ინფორმაცია არის მტკნარი სიცრუე, რაც, სამწუხაროდ, ასე ხშირად ისმის ხოლმე ბოლო პერიოდში ენმ-ს წევრებისგან", - ვკითხულობთ პარტიის განცხადებაში.