ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პოლიტიკოსებსა და აქტივისტებზე თავდასხმებს ეხმაურება და საერთაშორისო მეგობრებს მოქმედებისკენ მოუწოდებს.
ბოკუჩავამ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში განხორციელებული მუქარა, ძალადობა და შანტაჟი ივანიშვილის მიერ 29 აპრილს დაანონსებული რეპრესიების სისრულეში მოყვანის "უსუსური მცდელობაა".
ბოკუჩავას თქმით, "გარდაუვალია, რომ რუსული მეთოდებით საკუთარ ხალხთან ბრძოლა ივანიშვილის მარცხით დასრულდება".
"საზოგადოებაში გაიზრდება არა შიში, არამედ ურთიერთსოლიდარობა და რწმენა, რომ რუსული მთავრობა აუცილებლად ერთიანი ძალებით უნდა მოვაშოროთ.
მინდა იცოდეს აუცილებლად თითოეულმა მოძალადემ, ყველამ, ვინც მონაწილეობს ამ ძალადობაში, ძალიან მალე ხელისუფლება შეიცვლება. ეს გარდაუვალია, ეს ვიცით ყველამ. ამას ხედავენ საერთაშორისო მეგობრები და ახალგაზრდები, რომლებიც იცავენ საქართველოს მომავალს ყოველდღე რუსთაველის გამზირზე. ხელისუფლება შეიცვლება და თითოეულ თქვენგანს მოუწევს პასუხის გაცემა დამოუკიდებელი ქართული მართლმსაჯულების წინაშე.
მივმართავ ასევე სახალხო დამცველს, უფრო აქტიურად ჩაერთოს პროცესში, მივმართავ საერთაშორისო მეგობრებს - ახლა ნამდვილად მოქმედების დროა იმისთვის, რომ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით დავიცვათ საქართველოს ისტორიული ევროატლანტიკური არჩევანი"- თქვა ბოკუჩავამ.
მან ასევე მიმართა აქციის მონაწილეებს და მათ მხარდაჭერა გამოუცხდა.
"მინდა მივმართო თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს - ზუსტად ვიცი, თქვენ ვერაფერი შეგაშინებთ და მინდა იცოდეთ, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ ამ საერთო ბრძოლაში, რომელიც აუცილებლად თქვენი გამარჯვებით დასრულდება, ჩვენი ქვეყნის გამარჯვებით დასრულდება"- თქვა ბოკუჩავამ.
გუშინ, 8 მაისს თავს დაესხნენ ენმ-ის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს, ასევე, აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს, გია ჯაფარიძეს. სახლში მიუვარდნენ გიორგი ორნიანს.
გარდა ამისა, რამდენიმე დღეა აქტივისტებს და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ ადამიანებს ურეკავენ, აგინებენ და ემუქრებიან, მათ შორის იყო მოკვლის მუქარაც.