logo
ENG



ბოკუჩავა: წერილით მივმართავთ პაპუაშვილს, რომ დაუყოვნებლივ აღუდგეთ აკრედიტაცია ჟურნალისტებს

07 აპრ 202312:11
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის წევრები ითხოვენ, ფორმულას, მთავარი არხისა და TV პირველის ჟურნალისტებსა და ოპერატორებს პარლამენტში აკრედიტაცია აღუდგეთ.

პარტიის წევრის თინა ბოკუჩავას თქმით, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის აღდგენის მოთხოვნით ოფიციალური წერილით მიმართავენ პარლამენტის თავმჯდომარეს და სხვა პარტიებსაც მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ მათ.

„ჩვენ მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ აღუდგეთ ჟურნალისტებს საქმიანობის განხორციელების უფლება და აკრედიტაცია პარლამენტში... ჩვენ მივმართავთ ოფიციალური წერილით პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ დაუყოვნებლივ აღუდგეს უფლებამოსილება სამივე ჟურნალისტს ისევე, როგორც მათ ოპერატორებს და მივმართავთ ასევე სხვა პოლიტიკური პარტიების და მათ შორის უმრავლესობის წარმომადგენლებს რომ ხელი მოაწერონ აღნიშნულ წერილს, რადგან ეს არის დისკრიმინაციული და უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც მიზნად ისახავს კრიტიკული მედიის გაჩუმებას“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით პარლამენტმა სამი წამყვანი მედიის წარმომადგენლებს, კერძოდ ტვ პირველის ჟურნალისტ რუსუდან დუმბაძეს და ოპერატორ ირაკლი მურმანიშვილს, მთავარი არხის ჟურნალისტ თათია წოწონავას და ოპერატორ ზუკა ჩხვირკიას, ფორმულას ჟურნალისტ სოფიო გოზალაშვილს აკრედიტაცია შეუჩერა. პარლამენტის გადაწყვეტილება დაკავშირებულია მედიების მხრიდან მომზადებული სიუჟეტებისას დეპუტატებისათვის პარლამენტის შენობაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებული მოსამართლეებისა და პროსამთავრობო მედია POST TV-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის ქალთა სექსუალურ შევიწროებაში მხილებულ შალვა რამიშვილთან დაკავშირებით.

 

close დახურვა