ნაციონალური მოძრაობის წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, პარტიამ საპარლამენტო მანდატების დატოვების თაობაზე უნდა იმსჯელოს და შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება. ამის შესახებ ბოკუჩავამ ფორმულას გადაცემა კომენტარში ისაუბრა.
ბოკუჩავას თქმით, ამ საკითხზე უნდა იმსჯელოს არამხოლოდ ფრაქციამ, არამედ პოლიტსაბჭომაც.
"ბუნებრივია, ამ თემაზე პარტიამ უნდა იმსჯელოს. იმ მოწოდების შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააკეთა, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა, მაგრამ ამას სჭირდება სერიოზული კოორდინაცია გუნდის შიგნით, არამხოლოდ ფრაქციაში, არამედ პარტიაში, მათ შორის პოლიტსაბჭომ. გვესმის, რომ არათანმიმდევრული იქნება, თუ პარლამენტარები ტოვებენ მანდატებს მაგრამ ამავდროულად ვთანხმდებით საკრებულოს მანდატებზე იმ არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, რომელსაც არჩევნებს არ ვუწოდებთ", - ამბობს ბოკუჩავა.
დღეს, 1 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდება.
საპარლამენტო მანდატებზე უარი უკვე თქვეს ენმ-ს წევრებმა: ანი წითლიძემ, ლევან ვარშალომიძემ და ნონა მამულაშვილმა.
***
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს წინასწარი შედეგებით, ყველა თვითმმართველ ქალაქსა და თემში, გარდა წალენჯიხისა, ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა.
არჩევნები მმართველი პარტიის წევრების მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლებზე, კრიტიკული მედიების ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ძალადობის ფონზე წარიმართა.
არჩევნების შედეგებზე გავლენა მოახდინა ბიულეტინების გაბათილებამ, ამომრჩევლებსა და კანდიდატებზე ზეწოლამ და ძალადობამ.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება მოეხდინა საბოლოო შედეგებზე. ISFED-ის შეფასებით კი, "მეორე ტური გაშვებული შესაძლებლობაა დემოკრატიული განვითარების გზაზე".
ამასთან, ბათუმსა და ქუთაისში გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობა აღემატება კანდიდატებს შორის ხმების სხვაობას.
ეუთო/ოდირის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ალბერტ იონსონის თქმით, იყო ჩივილები დაშინებასა და ზეწოლაზე. მისივე განცხადებით, დამკვირვებლები პარტიული მხარდამჭერების როლში იყვნენ და უბნების გარეთ ამომრჩევლებზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ გარკვეული ჯგუფები და ხდებოდა ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენება.