logo
ENG



ბორელი ჰამასზე: მძევლები უნდა გაათავისუფლონ, ეს დეესკალაციისთვის საჭირო ნაბიჯის ნაწილია

23 ოქტ 202315:09
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/23/jf0e9n5lp62jl71.jpg

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ჰამასის მხრიდან სარაკეტო იერიშები უნდა შეწყდეს და ამასთან, მძევლები გათავისუფლდნენ.

"უმნიშვნელოვანესი ახლა ჰუმანიტარული დახმარების შეტანაა ღაზაში. გუშინ კიდევ 20 მანქანა შევიდა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. დღეში, როდესაც ომი არ იყო, 100 მანქანა შედიოდა. საჭიროა, ჰუმანიტარული პაუზა მძევლების დასაბრუნებლადაც.

უნდა შეწყდეს ჰამასის მხრიდან სარაკეტო იერიშები და გაათავისუფლონ ყველა გატაცებული. ეს არის დეესკალაციისკენ გადასადგმელი ნაბიჯის ნაწილი და უნდა დავიწყოთ ფიქრი, როგორ გამოვაცოცხლოთ პოლიტიკური პროცესი", - ამბობს ბორელი.

ჰამასმა 7 ოქტომბერს მოულოდნელი თავდასხმის დროს დაახლოებით 150 მძევალი აიყვანა და ღაზაში გადაიყვანა. ის დაემუქრა მძევლების მოკვლით, თუ ისრაელის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის სახლები გაფრთხილების გარეშე დაიბომბება. ბოლო ცნობებით, ღაზაში 222 ადამიანია მძევლად აყვანილი.

***

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა