ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიორგი ბოტკოველის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ნათია თურნავამ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეცვალა, ეროვნული ბანკის თანამშრომლები პეტიციისთვის ხელმოწერებს აგროვებდნენ. მისი თქმით, ეს ინფორმაცია გამჟღავნდა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პროცესი ჩაახშო.
"ეროვნულ ბანკში, სწორედ იმ დროს, როცა ეს პროცესები მიმდინარეობდა და თურნავამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო და მიიღო, ფაქტობრივად, ხელისუფლების დავალებით, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ამის შემდეგ, შიგნით, ეროვნულ ბანკში თანამშრომლების მხრიდან დაიწყო პეტიციების, ხელმოწერების შეგროვება, რაც შემდეგ გაუმჟღავნდათ, სამწუხაროდ. ამაში ჩართული იყო სუს და სხვადასხვა ორგანო, რომ ეს პროცესი ჩაეკლათ და ჩაკლეს, როგორც ჩანს", - განაცხადა ბოტკოველმა ფორმულასთან.
19 სექტემბერს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა.
ამ ცვლილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც არაკონსტიტუციური უწოდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვაზე.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ეროვნული ბანკი სამივე ვიცეპრეზიდენტმა დატოვა. ამასთან, საკითხს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი - მან თქვა, რომ სებ-ის საბჭოს წევრად ნათია თურნავას წარდგენას ნანობს და ბოდიშს იხდის. ზურაბიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან თურნავა უნდა გადადგეს.
ნათია თურნავამ ამას ზეწოლა უწოდა და განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილება "კონსტიტუციის შესატყვისი" იყო.