logo
ENG



ბოჭორიშვილი: მზად ვართ ფონ კრამონთან კომუნიკაციისთვის, უკეთესი აღქმის შესაძლებლობა ექნება

01 სექ 202112:08
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს ქართულ ოცნებასთან შეხვედრით "უკეთესი აღქმის შესაძლებლობა" ექნება. ევროპარლამენტარმა საქართველოს ხელისუფლება არადემოკრატიული ნაბიჯების გამო გააკრიტიკა.

"ძალიან სამწუხაროა, რომ ვიოლა ფონ კრამონი ვერ ამჩნევს ამას, ჩვენ მზად ვართ, ვიყავით ყოველთვის და ვიქნებით, რომ მასთან გვქონდეს კომუნიკაცია, თუ ის ამას მოისურვებს და უკეთესი აღქმის შესაძლებლობები ექნება, თუ რას ფიქრობს საქართველოს ხელისუფლება და რას ვფიქრობთ ევროკავშირის გზაზე საჭირო რეფორმების გატარებაზე. ამ მიმართულებით საქართველოს მხარდამჭერებს სანერვიულო ნამდვილად არ აქვთ, საქართველო ყოველთვის ამტკიცებდა და ამტკიცებს, რომ სტრატეგიული პარტნიორების გვერდით დგას. ჩვენ ეს ვნახეთ ცოტა ხნის წინ ავღანეთთან მიმართებაში", - თქვა დეპუტატმა ფორმულასთან.

31 აგვიტოს ფორმულას ეთერში ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის სულერთია ევროკავშირის წევრობა:

"დღევანდელი გადაწყვეტილებით მთავრობამ განაცხადა, რომ სრულიად სულერთია მისთვის, შეუერთდება თუ არა ევროკავშირს. ის, რომ აპრილში ხელი მოაწერეს მიშელის დოკუმენტს ორჯერ და ორჯერვე გადააგდეს ეს დოკუმენტი, ვერ ვხედავ ვერანაირ ინტერესს საქართველოს მთავრობისგან, გახდნენ ევროკავშირის წევრები. ვერ ვხედავ ინტერესს, შეიტანონ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე". 

გუშინ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გამართულ ბრიფინგზე კარლ ჰარცელის მოვალეობის შემსრულებელმა თქვა, რომ საქართველომ ვერ შეძლო მაკროფინანსური დახმარების პირობა სრულად შეესრულებინა. კერძოდ, საუბარია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდაზე. 

მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ მაკროფინანსური დახმარება კორონავირუსთან ბრძოლასა და საქართველოს მოსახლეობას უნდა მოხმარებოდა. ამასთან, ევროკავშირი ხელისუფლებას რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს და მიუთითებს მართლმსაჯულების რეფორმისკენ.

ევროკავშირის კრიტიკის საპასუხოდ ქართულმა ოცნებამ ახალი მესიჯბოქსი შეიმუშავა. ჯერ კიდევ მაშინ, როცა არ იყო ცნობილი დახმარების საბოლოოდ გამოყოფის შესახებ, მმართველ გუნდში აცხადებდნენ, რომ ეს სესხია, რომლის აღებაც არ სურთ. 

ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს თქვა, რომ ხელისუფლება "თავს შეიკავებს" ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე. ღარიბაშვილის თქმით, EU ამ თანხას საქართველოს სესხის სახით აძლევდა, მთავრობამ კი "საგარეო ვალის შემცირება დაიწყო და თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება". 

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქართული ოცნებისთვის ცნობილი იყო იმის შესახებ, რომ დახმარებას ვერ მიიღებდნენ, ამიტომ "დაასწრეს" და თვითონ თქვეს უარი ევროკავშირის მიერ გამოყოფილ თანხაზე. 


close დახურვა