logo
ENG



ბრეგაძე: სტრასბურგის სასამართლოში სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე

12 მაი 202317:00
3 წუთის საკითხავი
 

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილს საქმეში "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და ამავე დროს, სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა. საუბარია დროებით ღონისძიება, რომლის გამოყენებასაც სააკაშვილის წარმომადგენლები ითხოვდნენ, საქმის განხილვა კი სტრასბურგში გრძელდება. 

"სახელმწიფოს ყველა მოქმედება მისი შემოსახლების დღიდან იყო კორექტული და იყო ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი", - განაცხადა ბრეგაძემ. 

მისივე თქმით, ექიმების მხრიდან თუ იქნება რეკომენდაცია, რომ შესაძლებელია სააკაშვილის გადაყვანა პენიტენციურ დაწესებულებაში, ის იქნება გადაყვანილი.

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს აპრილში მიმართეს. გარდა ამისა, დაცვის მხარე მოითხოვდა, რომ გადაწყვეტილების გამოტანამდე, სააკაშვილის მიმართ დროებითი ღონისძიება გამოეყენებინათ და ყოფილი პრეზიდენტი სამკურნალოდ უცხოეთში გადაეყვნათ. როგორც ყოფილი პრეზიდენტის წარმომადგენლები აცხადებდნენ, კლინიკა ვივამედში სააკაშვილის მდგომარეობა უარესდება და მას საზღვარგარეთ კომპლექსური მკურნალობა სჭირდება.

სახალხო დამცველის კონსილიუმის თებერვლის დასკვნაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი კიდევ 5-7 კილოგრამის დაკლების შემთხვევაში, საწოლზე მიჯაჭვული გახდება. მათი თქმით, ამ სისწრაფით წონის კლებისას მოსალოდნელია ამ ნიშნულამდე მიღწევა 1-2 თვეში.

დასკვნის თანახმად, მისთვის კრიტიკულ წონას წარმოადგენს 52-53 კილოგრამი, რის შემდეგადაც დაიწყება ორგანიზმის შეუქცევადი ცვლილებები. კონსილიუმის შეფასებით, სააკაშვილს აქვს სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე მე-4 სტადია, ასევე, ორთოსტატიული წნევის კრიტიკული ვარდნა კოორდინაციის მოშლით.

მე-4 ხარისხის კახექსიით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ომბუდსმენის კონსილიუმის წინა დასკვნაშიც არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი. 

სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ოჯახის წევრებთან, ადვოკატებთან და ექიმებთან ერთად საერთაშორისო პარტნიორებიც ითხოვენ. ამის შესახებ საუბარი იყო ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, სადაც დეპუტატებმა საქართველოს ხელისუფლებას ამ ნაბიჯის გადადგმისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს და აღნიშნეს, რომ მისდამი მოპყრობა იქნება ლაკმუსის ტესტი საქართველოს ხელისუფლებისთვის, მათ შორის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარებმა მიმართეს საქართველოს პრეზიდენტსაც, რომ გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მიზნით.


close დახურვა