logo
ENG



ბრეგაძე ელჩებთან შეხვედრაზე: ორმხრივი სურვილით შევხვდით, გავაცანით ინფორმაცია სააკაშვილზე

03 თებ 202300:40
3 წუთის საკითხავი
 
ბრეგაძე ელჩებთან შეხვედრაზე: ორმხრივი სურვილით შევხვდით, გავაცანით ინფორმაცია სააკაშვილზე

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის სურვილი ორმხრივი იყო და მათ დიპლომატიურ კორპუსს სააკაშვილის ჯანმრთელობის გარშემო ინფორმაცია მიაწოდეს.

ევროკომისარმა იოჰანეს ჰასმა ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე, სადაც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე საუბრობდნენ განაცხადა, რომ 28 დეკემბერს ევროკავშირის დელეგაციამ  ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად, "ჩაატარეს ფორმალური დემარში იუსტიციის მინისტრთან", სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომაროების გაუარესებასთან დაკავშირებით.

ბრეგაძის თქმით, შეხვედრის სურვილი, რომლის მიზანიც ინფორმაციის გაცვლა იყო, "ფაქტობრივად პარალელურად გამოხატეს" და ელჩებმა გამოთქვეს "წუხილი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო“.

იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ შეხვედრაზე საუბრების შინაარსი "ასე ვთქვათ, ბოლომდე არ უნდა გასულიყო" და რომ თავად ბრეგაძემ, ეს შეთანხმება "მაქსიმალურად დაიცვა".

„ეს შეხვედრა იყო, პირდაპირ გეტყვით, როგორც ჩვენი ინიციატივით იმიტომ რომ გვინდოდა, მათთვის გაგვეცნო რეალური სურათი, ასევე მათი ინიციატივითაც და მათ, ბუნებრივია, გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება და წუხილი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო და ჩვენც გავაცანით სრული ინფორმაცია თუ რა ხდებოდა ამ ადამიანის გარშემო - რას აკეთებს სახელმწიფო და როგორი იყო მისი იმჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა...

ეს იყო ორმხრივი სურვილი, ფაქტობრივად პარალელურად გამოხატული, როგორც მათი მხრიდან და გეუბნებით, რომ მათ გამოხატეს გარკვეულწილად წუხილი და აინტერესებდათ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გარშემო თუ რას აკეთებს სახელმწიფო და ჩვენც გვამოძრავებდა ზუსტად იგივე მიზანი, რომ დიპლომატიური კორპუსისთვის მთელი ამ ინფორმაციულ ქარტეხილებში, რომლებიც სხვადასხვა მხრიდან მოდის და მეტწილად გაჯერებულია სრული დეზინფორმაციით, მიგვეწოდებინა ფაქტებით გამყარებული ინფორმაცია “ - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, "ფაქტებმა რა გავლენა მოახდინა მათ [ელჩების] წუხილზე, გაიგეს თუ არა რამე ისეთი, რაც არ იცოდნენ, შეცვალეს თუ არა პოზიცია“, ბრეგაძემ განაცხადა, რომ "ჯენტლმენური შეთანხმების ერთგულია" და არ აპირებს ამ საკითხებზე საუბარს.

„მე ყოველთვის ვიცავ ჯენტლმენურ შეთანხმებას. [ჟურნალისტი: დაირღვა ეს შეთანხმება მეორე მხრიდან], არა უშავს, მე მაინც ერთგული ვარ ხოლმე ყოველთვის ჩემი სიტყვის და ჯენტლმენური შეთანხმების და არ მინდა ამ საკითხებზე საუბარი თუმცა გეტყვით იმას, რომ მივაწოდეთ სრულფასოვანი ინფორმაცია, რომელიც იყო ფაქტებით გამყარებული და ყოველთვის რთულია, რომ ლოგიკურ მსჯელობას და ფაქტებს დაუპირისპირო აღქმები, რომლებიც ყოველთვის შესაძლებელია მოდიოდეს მთელი ამ საინფორმაციო ველიდან, რომელიც მეტწილად გაჯერებულია დეზინფორმაციით“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

დღეს ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე, სადაც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე საუბრობდნენ ევროდეპუტატებმა თქვეს, რომ სააკაშვილის საქმე პოლიტიზებულია და ყოფილი პრეზიდენტი "ციხეში კვდება". მათ საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანისკენ მოუწოდეს.  

ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა კი განაცხადა, რომ სააკაშვილის სიცოცხლე რისკის ქვეშაა და "საქართველოს მთავრობის ეს სამარცხვინო ქცევა პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ევროპულ მომავალთან".

ევროკომისარმა იოჰანეს ჰასმა განაცხადა, რომ "ევროკავშირის პოზიციაა, რომ საქართველოს მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა, რომ იმოქმედონ, თუ ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობა არის კრიტიკულ მდგომარეობაში."

ჰასის თქმით, "ყველას ინტერესში შედის, რომ ბატონი სააკაშვილის მდგომარეობა შეფასდეს დამოუკიდებელი ინსტიტუციის მიერ". მისი თქმით, ევროკავშირი მზადაა, რომ "ქართველ პარტნიორებს დაეხმაროს ამ სიტუაციაში".

 

close დახურვა