logo
ENG



ბრიტანეთი: უკრაინის ეფექტური თავდაცვის გამო, რუსეთს ბევრი ირანული დრონის გამოყენება უწევს

24 ოქტ 202214:41
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/24/fwsb4ub6u1bexe7.png
REUTERS/Vadim Sarakhan/File Photo

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, უკრაინის ძალისხმევა ირანული შაჰედ-136 უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ საბრძოლველად სულ უფრო წარმატებული ხდება.

"ოფიციალური წყაროები, მათ შორის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, აცხადებენ, რომ მათ უპილოტო დრონებით განხორციელებული შეტევების დაახლოებით 85% უკრაინამ მოიგერია."- წერს დაზვერვა. 

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით შაჰედ-136​ ძალიან ნელი და ხმაურიანია, დაბალ სიმაღლეებზე დაფრინავს, რაც მათთან გამკლავებას აადვილებს. უკრაინის მზარდი ეფექტიანი საჰაერო თავდაცვის დასაძლევად რუსეთი იძულებულია ირანული დრონების დიდი რაოდენობა დახარჯოს.

"რუსეთი მათ იყენებს, როგორც რუსული წარმოების მაღალი სიზუსტისა და დიდი რადიუსის მქონე იარაღის შემცვლელად. ეს იარაღი სულ უფრო და უფრო მწირი ხდება."- განაცხადა ბრიტანეთის დაზვერვამ. 

14 სექტემბერს ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი სანქცირებული ქვეყნებიდან, მათ შორის ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან იარაღის მიღებას ზრდიდა.

ბრიტანეთის უწყების თქმით, რუსეთი, უკრაინასთან ომში, სავარაუდოდ, ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს. უკრაინის ხელისუფლება რამდენიმე ათეული ირანული დრონის განადგურებას იუწყებოდა.

თუმცა ირანი უარყოფს, რომ რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებელი იარაღით ამარაგებს და აცხადებს, რომ "ეს არ გაუკეთებია და არ გააკეთებს".

10 ოქტომბრის შემდეგ რუსეთი მასობრივად ბომბავს უკრაინულ ქალაქებს. 17 ოქტომბერს რუსეთი კიევს დრონი-კამიკაძეებით დაესხა თავს. შედეგად ქალაქის ცენტრში საცხოვრებელი სახლი დაინგრა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ირანელი სამხედრო მწვრთნელები ყირიმში იმყოფებოდნენ და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს იმ ირანული წარმოების დრონების მართვაში ეხმარებოდნენ, რითაც რუსეთი უკრაინას ესხმის თავს.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი აპირებს მიმართოს ყველა გზას, მათ შორის სანქციებს, რათა „გაამჟღავნოს, ხელი შეუშალოს და დაუპირისპირდეს“ ირანის მხრიდან რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას და ასევე უკრაინას დაეხმაროს საჰაერო თავდაცვის კუთხით.

რუსეთისთვის ე.წ. კამიკაძე დრონების გადაცემის გამო, 20 ოქტომბერს ირანს სანქციები ევროკავშირმა დაუწესა. სანქციები ირანის წინააღმდეგ რეკორდულ ვადებში დაწესდა. EU-ის გარდა, ირანს სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესა.

ასევე სანქციები დაუწესდა საავიაციო ინდუსტრია Shahed-ს, რომელიც იმ დრონებს აწარმოებს, რასაც რუსეთი უკრაინაში თავდასხმებისთვის გამოიყენებდა. ბრიტანეთმა ქვეყანაში Shahed-ის აქტივები გაყინა.


close დახურვა