logo
ENG



ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელში ჩავიდა

11 ოქტ 202316:26
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/11/fsfhxfp7zv2daj4.jpg
REUTERS/Hannah McKay/File Photo

ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი ისრაელში ჩავიდა - უწყების ოფისის თანახმად, ის სოლიდარობას გამოხატავს ისრაელის მოქალაქეების მიმართ და ქვეყნის ლიდერებს შეხვდება.

"საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს ისრაელში ჩავიდა, რათა ჰამასის ტერორისტების თავდასხმის შემდეგ, ისრაელის მოსახლეობის მიმართ დიდი ბრიტანეთის ურყევი სოლიდარობა გამოეხატა. ის თავდასხმას გადარჩენილებსა და ისრაელის ლიდერებს შეხვდება, რათა გამოხატოს, რომ ბრიტანეთი მხარს უჭერს ისრაელის უფლებას დაიცავს საკუთარი თავი", - აღნიშნულია განცხადებაში.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.

სარაკეტო იერიშის პარალელურად ჰამასის მებრძოლები ისრაელში შეიჭრნენ. მათ ღაზის სექტორთან, სასაზღვრო ღობე რამდენიმე ადგილას დააზიანეს დაა ისრაელის ტერიტორიაზე სახმელეთო, საჰაერო და სასაზღვრო გზებით მოხვდნენ. თვითმხილველები ყვებიან, რომ ჰამასელი ტერორისტები დასახლებებში ხალხს ესროდნენ, აჰყავდათ მძევლები და ღაზაში მიჰყავდათ. სოციალურ ქსელებში ქუჩაში ბრძოლებისა და მოსახლეობასთან სასტიკი მოპყრობის არაერთი კადრი გავრცელდა. 

ტერორისტული დაჯგუფება მძევლების მოკვლით იმუქრება, თუ ისრაელი ღაზის სექტორზე იერიშს გაუფრთხილებლად მიიტანს. ამასთან, დაჯგუფების მაღალჩინოსანმა 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ ჰამასმა "თავის მიზნებს მიაღწია" და "ისრაელთან შესაძლო ზავის განხილვისთვის ღიაა". 

ბოლო მონაცემებით, ჰამასმა 100-150 ადამიანი გაიტაცა. 


close დახურვა