ამერიკელი დიპლომატების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების კრიტიკას ბრიტანეთის საელჩოც შეუერთდა. საელჩო „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში" გამოეხმაურა. განცხადებაში ხელისუფლების მხრიდან ბევრ პასუხგაუცემელ კითხვაზეა საუბარი, რომლებიც პროცესების წარმართვასა და დროსთანაა დაკავშირებული. საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი მხარეებს განსხვავებული პოზიციების დაახლოებისა და დემოკრატიის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.
„ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ნინო ბურჯანაძის თქმით, ყველა დიპლომატმა იცის, რომ ოპოზიციური ლიდერების დაკავებები და ამ შემთხვევაში, გიგი უგულავასთვის თავისუფლების აღკვეთა პოლიტიკური დევნაა და "ქართულ ოცნებას" საერთაშორისო მეგობრებთან დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.
"აშშ-სა და ბრიტანეთის საელჩოებმა გააკეთეს ძალიან საინტერესო განცხადებები. ყველამ იცის, რომ ესაა პოლიტიკური დაკავება. უბრალოდ დიპლომატებს აქვთ თავიანთი კონკრეტული ენა. ძალიან ძვირად დაუჯდება ხელისუფლებას უგულავას დაკავება",-აცხადებს ბურჯანაძე.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა კი დარწმუნებულია, რომ უგულავას დაკავებით ხელისუფლებამ უარი თქვა მხარეებს შორის ნებისმიერ მოლაპარაკებაზე.
"ფაქტია, ბრიტანეთის საელჩოს, ისევე როგორც აშშ-ს საელჩოს, გაუჩნდა კითხვის ნიშნები და გამოხატა შეშფოთება. იმ დროს, როცა ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან ზის. ასეთი რამ წარმოუდგენელია და ნიშნავს იმას, რომ მაგიდას აყირავებ. არანაირ რესურს არ ტოვებ მოლაპარაკებისთვის",-აცხადებს ბოკუჩავა.