დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის თქმით, 10 თებერვლისთვის რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციების პაკეტი ექნებათ მზად, რათა უკრაინის წინააღმდეგ აგრესია შეაჩერონ.
"ეს პაკეტი, რომელსაც ჩვენ საკანონმდებლო ორგანოში ვამზადებთ, 10 თებერვლისთვის მზად იქნება, რათა ჩვენ შევძლოთ ფართომასშტაბიანი სანქციების გატარება, რომელიც მიმართულია ნებისმიერის წინააღმდეგ, ვინც სტრატეგიულ ან ეკონომიკურ მხარდაჭერას უცხადებს რუსეთის რეჟიმს. დასამალი არსად იქნება და სანქციებს შიშის გარეშე გავატარევთ. მკაფიოდ ვამბობ ამას", - განაცხადა ტრასმა პარლამენტში.
31 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაადასტურეს, რომ რუსეთის სამომავლო ნაბიჯების შემთხვევაში მზად აქვთ სანქციები რუსული ელიტის წარმომადგენლებისა და მათი ოჯახების წინააღმდეგ. თეთრი სახლის პრესსპიკერის, ჯენ პსაკის განცხადებით, საუბარია ადამიანებზე, რომლებიც კრემლის გარემოცვის ნაწილი არიან ან მთავრობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არიან ჩართულნი.
რამდენიმე თვეა უკრაინის საზღვართან კვლავ რჩება ასი ათასამდე რუსი ჯარისკაცი. კიევი და დასავლური სახელმწიფოები შიშობენ, რომ რუსეთი შეჭრისთვის ემზადება.
26 იანვარს ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით აშშ-მ და NATO-მ რუსეთს წერილობითი პასუხი გადასცეს. დოკუმენტის შინაარსი ცნობილი არაა. ე.წ. უსაფრთხოების გარანტიები, რომელზეც მოსკოვი აპელირებს, აღმოსავლეთით NATO-ს გაფართოების შეჩერებას გულისხმობს, რასაც დასავლეთი არ იზიარებს.
რუსეთმა აშშ-სა და NATO პირობები წაუყენა, რომ ალიანსმა უარი თქვას ახალი წევრების მიღებაზე, პირველ რიგში ეს ეხება უკრაინას. ასევე, არ განათავსოს ჯარები ქვეყნებში, რომელიც 1997 წლის შემდეგ გახდნენ წევრები.
სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, პასუხში უკან არ დაუხევიათ NATO-ს პრინციპებთან დაკავშირებით, რომელიც ალიანსის ღია კარის პოლიტიკას ეხება. წერილში, ასევე, ჩამოთვლილია ევროპაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აშშ-სა და მისი მოკავშირეების შეთავაზებები, მათ შორის საუბარია სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვაზე ახალი ხელშეკრულების შესახებ.
გარდა ამისა, NATO-ს გენერალურმა მდივნმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მზად არიან რუსეთს მოუსმინონ. ამავე დროს კი მოუწოდა მოსკოვს, რომ თავისი ჯარები გაიყვანოს უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვადან.
პირველ თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა აშშ-ს წერილზე პასუხი გასცა. სახელმწიფო დეპარტამენთში ამბობენ, რომ დოკუმენტის შინაარსის გასაჯაროება რუსეთის პრეროგატივაა.